არსებული ინფორმაციით, "ქართული კვების კომპანიას" შეიარაღებულ ძალებში სხვა კომპანია შეცვლის

"ქართული კვების კომპანიას", რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებას უზრუნველყოფს, 15 თებერვლიდან ახალი ბიზნესსუბიექტი შეცვლის.

ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში "ქართული კვების" კომპანიის დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა. "ეს არის სრულიად ახალი ბიზნესსუბიექტი, რომელიც ფუნქციონირებას იწყებს", - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რა ბედი ელით "ქართული კვების კომპანიაში" დასაქმებულ პირებს, "ქართული კვების კომპანიის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მათი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს.

"2015 წლის 14 თებერვალს, შპს "ქართული კვების კომპანიას" თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების ვადა უმთავრდება. აქედან გამომდინარე კომპანიის ყველა თანამშრომელს ავტომატურად უმთავრდება შრომითი ხელშეკრულება. (2015 წლის 14 თებერვალს). რაც შეეხება "ქართული კვების კომპანიაში" დასაქმებულ პირებს, ამ დრომდე უკლებლივ ყველა თანამშრომელი კომპანიის თანამშრომლად ირიცხება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი მუშა პროცესების ეფექტური მართვა და კვების ხარისხის მაქსიმალური ამაღლებაა, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიაში იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თანამშრომელთა სამუშაო პროცესზე დაკვირვება, თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით. ინფორმაცია 300 ადამიანის გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ "ქართული კვების კომპანიაში".