რუსებს Mir-ის ბარათების დასამზადებლად მიკროჩიპები ელევათ

რუსეთს გადახდის სისტემა Mir-ის საბანკო ბარათების დასამზადებლად მიკროჩიპები ელევა და მიწოდებისთვის ჩინელ მწარმოებლებს მიმართავს, რომ დასავლეთის სანქციებს გვერდი აუაროს. ამის შესახებ ნაციონალური ბარათით გადახდის სისტემის (National Card Payment System-NSPK) საბჭოს წევრმა, ოლეგ ტიშაკოვმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, Mir-ის ბარათებზე მოთხოვნა მეტად გაზრდილია, ქვეყანა კი მიკროჩიპების დეფიციტს განიცდის, რადგან აზიური მწარმოებლები კორონავირუსული პანდემიის ფონზე წარმოებას აჩერებენ, ხოლო ევროპელმა მიმწოდებლებმა მოსკოვთან თანამშრომლობა სანქციების შემდეგ შეწყვიტეს.

„ჩვენ მიკროჩიპების ახალ მიმწოდებლებს ვეძებთ და ჩინეთში ორი მათგანი ვიპოვეთ, ვისთანაც სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს,“ - აცხადებს ტიშკოვი, რომელიც დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს.

როგორც ცნობილია, დასავლეთის სანქციებმა მოსკოვი გლობალურ ფინანსურ სისტემასა და ქვეყნის 640 მლრდ დოლარის ოქროსა და სავალუტო რეზერვების, თითქმის, ნახევარს ჩამოაშორა. რუსეთის ზოგიერთ უმსხვილეს ბანკს აღარ აქვს წვდომა გლობალური საბანკო შეტყობინებების სისტემა SWIFT-თან, ხოლო საერთაშორისო გადახდის ბარათებმა, Visa-მ და MasterCard-მა საზღვარგარეთ რუსული ანგარიშების მომსახურება შეწყვიტეს. Mir-თან კავშირი გასულ თვეს Apple Pay-მაც გააუქმა.

NSPK-მა 2021 წლის ბოლოდან მარტამდე 2 მილიონზე მეტი Mir-ის ბარათი გამოუშვა. სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-მა გამოთვალა, რომ ამ ბარათების მთლიანი რაოდენობა ამჟამად 116 მილიონს შეადგენს. ყველა მსხვილი რუსული ბანკი აცხადებს, რომ შიდა ბარათზე მოთხოვნა გაიზარდა. ზოგიერთი ბანკი Mir-ის ბარათს ჩინურ UnionPay-სთან ერთად უშვებს, რაც რუსების უცხოური შესყიდვებისთვის Visa-სა და MasterCard-ის ალტერნატიული გადახდის სისტემაა.

Mir-ის ბარათებს, ასევე, ზოგიერთი ბანკი თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ემსახურება. სააგენტო Reuters ამ ჩამონათვალში „საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსაც“ ასახელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ