დეფოლტის სიგნალი - რუსეთმა ევროობლიგაციები რუბლებში პირველად გადაიხადა

რუსეთმა 650 მლნ დოლარამდე ევროობლიგაციები რუბლით პირველად გადაიხადა. ფინანსთა სამინისტრომ თანხა ეროვნულ ანგარიშსწორების დეპოზიტარს მას შემდეგ გადაურიცხა, რაც უცხოურმა კორესპონდენტმა ბანკმა მითითებების შესრულებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი.

ეს ევროობლიგაციები არის No.12840060V "Russia-2022" და No.12840061V "Russia-2042," რომლის ნომინალური ღირებულების გამოსყიდვა 649,2 მლნ დოლარის ოდენობით უნდა მომხდარიყო, თუმცა კუპონური გადახდის ინსტრუქციების შესრულებაზე კორესპონდენტმა ბანკმა 4 აპრილს უარი განაცხადა.

„ვალის ვალდებულებების შესრულებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესების დაცვის მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ აუცილებელი გადახდების განხორციელებისთვის რუსეთის ფინანსური ინსტიტუტი მიიზიდა და 2022 წლის 4 აპრილს ეროვნულ საანგარიშსწორებო დეპოზიტარში გადასახადი რუსეთის ფედერაციის ვალუტაში, ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით გადარიცხა. შესაბამისად, ზემოთ ნახსენები ვალდებულებები, „რუსეთ-2022“ და „რუსეთ-2042“ ობლიგაციებზე სრული მოცულობით შესრულდა,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები აცხადებენ, რომ იმ ევროობლიგაციების რუბლებში გადახდა, რომლებიც უცხოურ ვალუტაში უნდა იქნეს გადახდილი, დეფოლტად განიხილება. მაგალითად, Fitch-მა ახალხან გამაფრთხილებელი პროგნოზი გაავრცელა, რომ რუსეთის მიერ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციათა პროცენტების რუბლებში გადახდა 30 დღის შემდეგ დეფოლტის მანიშნებელი იქნება.

აშშ-ის ხაზინამ მარტის შუა რიცხვებში რუსეთს ნება დართო, სუვერენულ ვალზე დოლარში გადახდები 24 მაისამდე განახორციელოს, რის შემდეგაც ასეთი გადახდები სპეციალურ ლიცენზიას საჭიროებს. თუმცა 4 აპრილს ხაზინამ რუსეთის მთავრობას ნება არ დართო, 600 მლნ დოლარზე მეტი სუვერენული ვალი ამერიკულ ბანკებში არსებული რეზერვებიდან გადაეხადა და კორესპონდენტ ბანკ JPMorgan Chase & Co-ს კუპონების გადახდების დამუშავება შეაჩერებინა.

ამით თეთრ სახლს სურს, აიძულოს მოსკოვი, თანხა დოლარის იმ რეზერვებიდან დახარჯოს, რაზეც ვალების გადახდისა თუ სხვა მიზნებისთვის, მათ შორის ომის მხარდაჭერისთვის აქვს წვდომა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ