ივლისიდან ბარსელონას ყველა პლაჟზე მოწევა აიკრძალება

ბარსელონას პლაჟის მოყვარულებს აღარ მოუწევთ სიგარეტის ნამწვებთან ან პასიურ მოწევასთან „ბრძოლა,“ რადგან ივლისიდან ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქი თავის ყველა პლაჟზე მოწევას კრძალავს. ამის შესახებ ქალაქის მერიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ წელს, საპილოტე პროექტით, მოწევა ქალაქის 10 ადგილობრივი პლაჟიდან ოთხზე აიკრძალა.

„პლაჟები, სადაც მოწევა აკრძალულია, უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი ადგილებით გამოირჩევა, სადაც ნაკლები ნარჩენებია და გარემოს დაცვას პატივისცემით ეკიდებიან,“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ესპანეთის რამდენიმე რეგიონმა აკრძალვა 2020 წელს, COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დააწესა. თუმცა სხვა რეგიონებში, როგორიც არის ბალეარის კუნძულები და მათ შორის, მაიორკა, პლაჟებზე მოწევა ჯერ კიდევ პანდემიამდე, გარემოსდაცვითი მიზეზების გამო იყო აკრძალული.

კანარის კუნძულებმა, ანდალუზიამ, გალიციამ და ვალენსიამ ამ მაგალითს მიბაძეს და პლაჟებზე მოწევა ნაწილობრივ ან სრულად აკრძალეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ