”ბიზნესსექტორის მხრიდან მთავარი მოთხოვნა ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებაა”

ყველაზე მთავარი მოთხოვნა ბიზნესსექტორის მხრიდან ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებაა, რაზეც ჩვენ მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან სასტუმრო "რედისონში" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე მოხდა ყველა აქტუალური საკითხის და იმ პროექტებისა და პროგრამების განხილვა, რომლებსაც ბიზნესსექტორი ახორციელებს. "ყველაზე მთავარი მოთხოვნა ბიზნესსექტორის მხრიდან ეს არის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, რაზეც ჩვენ რასაკვირველია, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. კერძოდ, ბიზნესთან დაკავშირებული კონსულტაციები ჩვენთან ერთ სივრცეში იქნება და ამისთვის უკვე არსებობს ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებისგან შედგება და ბიზნესს უწევს კონსულტაციას. ასევე სულ რამდენიმე დღის წინ დავნერგეთ და ვხვეწთ მოდელს, ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპი. კერძოდ, ბიზნესის მხრიდან შემოსული პროექტი მხოლოდ ერთ სამსახურში გაივლის და ეს ერთი სამსახური ბიზნესს შიდა პროცედურებს მოუწესრიგებს, რათა მას სხვადასხვა სამსახურში არ მოუწიოს ამ პროცედურების გავლა და გაუმარტივდეს დედაქალაქის მერიასთან ურთიერთობა", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მაქსიმალურად იქნება ბიზნესის გვერდით, რათა ბიზნესმა აკეთოს თავისი საქმე. "დაასაქმოს ადამიანები, გადაიხადოს გადასახადები და ამით ხელი შეუწყოს დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას", - განაცხადა ნარმანიამ.