ეგვიპტემ ევროპაში 350 ათასი ტონა ხორბალი იყიდა

ეგვიპტემ ხელი მოაწერა კონტრაქტს 350 ათასი ტონა ხორბლის შეძენაზე ცალკეულ ევროპის ქვეყნებთან. თუ რომელ ქვეყნებზეა კონკრეტულად საუბარი, ინფორმაციაში არ არის აღნიშნული. ცნობილია, რომ ამ დროისთვის ეგვიპტის ვაჭრობისა და მარაგებით მომარაგების სამინისტროს აქვს დავალება მოიზიდოს 6 მლნ ტონა ხორბლის მარაგი. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ კაირომ და დელიმ დაასრულეს მოლაპარაკებები ეგვიპტისთვის ინდური ხორბლის მიწოდებაზე.

ეგვიპტე გახლავთ მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი, ქვეყანა წლიურად საზღვარგარეთ ყიდულობს 11-13 მლნ ტონა მარცვალს. ამ არაბულ რესპუბლიკაში ძირითადი ექსპორტიორები არიან რუსეთი და უკრაინა. გასულ წელს ეგვიპტეში 8,2 მლნ ტონა რუსული ხორბალი შევიდა (74,5% მთელი იმპორტის). უკრაინის წილი კი 20%-ია დანარჩენი კი ივსებოდა სხვა ქვეყნების ხარჯზე. თუმცა რუსეთ უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ფონზე, მიწოდების ჯაჭვში რღვევა დაფიქსირდა და ქვეყანას ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებამ მოუწია. მათ შორის, ევროპის ბაზრებზეც. ქვეყანამ უკვე მოინიშნა 14 პოტენციური ექსპორტიორი ქვეყანა, რომელთა შორისაა აშშ, არგენტინა, კანადა და პარაგვაი.

11 მარტს ეგვიპტემ 3 თვით შეწყვიტა ფქვილის და ხორბლის ნაწარმის ექსპორტი, ასევე მაკარონის ნაწარმის. გარდა ამისა, დადგენილია ფიქსირებული ფასები სახელმწიფოს მიერ არასუბსიდირებად პურზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მათზე უკონტროლო ფასების ზრდა.