წარმატებული ადამიანების 7 თვისება

ერთი შეხედვით, წარმატებული ადამიანები სხვების მსგავსად გამოიყურებიან, თუმცა განსხვავებულად მოქმედებენ და აზროვნებენ. წარმატებულ ადამიანებს განსაკუთრებული თვისებები გამოარჩევთ - ისინი დიდ მიზნებს ისახავენ და ეტაპობრივად აღწევენ კიდეც მათ. ამ ადამიანებს არც წარუმატებლობა აშინეთ და დაბრკოლებების შემთხვევაში, იკრებენ ძალას, ყველაფერი თავიდან დაიწყონ.

წარმატებული ადამიანების თვისებებზე ამერიკელი მწერალი, ცნობილი ბესტსელერის "მენეჯმენტის ბიბლიის" ავტორი პიტერ ეკონომი Inc.com-ს ესაუბრა.

"ჩემი სამუშაოს ფარგლებში მქონდა ბედნიერება, ბევრ წარმატებულ ადამიანს შევხვედროდი. მეტწილად, ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ ყველა, თუმცა დამატებითი ბონუსი აქვთ - საბანკო ანგარიშებზე დიდძალი თანხები. გარდა ამისა, მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ ცხოვრებაზე და არ ფიქრობენ ისე, როგორც ათასობით ადამიანი", - აღნიშნავს პიტერ ეკონომი.

ამერიკელი მწერალი იმ შვიდ თვისებას გამოყოფს, რომელიც თქვენც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული ადამიანი.

ინიციატორობა

წარმატებული ადამიანები არ ელოდებიან ვინმეს, რათა შეასრულონ კონკრეტული საქმე. ისინი საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას და წყვეტენ, როდის და რა გააკეთონ. თუ ინიციატივიანი ადამიანი ხართ, თქვენ ყოველთვის ცდილობთ იპოვოთ თქვენს გარშემო დამატებითი შესაძლებლობები და იმოქმედოთ. ბიზნესსა და ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ინიციატივების გამოჩენაა.

საზრიანობა

წარმატებული ადამიანები პრობლემებს უფლებას არ აძლევენ, დაბრკოლება შეუქმნან მიზნისკენ სავალ გზაზე. ისინი არ ნებდებიან სირთულეებს და ეძებენ პრობლემის გადაჭრის უამრავ ხერხს, ვიდრე ყველაზე ეფექტურს არ მიაგნებენ. გახსოვდეთ, წარმატებული ადამიანები არასდროს ნებდებიან.

ენთუზიაზმი

წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება საკუთარი საქმისდამი ენთუზიაზმითა და აზარტით მიდგომაა. ისინი ყოველთვის გულითადად ეკიდებიან შესასრულებელ საქმეს და ამ დამოკიდებულებით კოლეგებსა და კლიენტებსაც "ავირუსებენ".

ნოვატორობა

წარმატებული ადამიანები შემოქმედებითი, ნოვატორული იდეებითაც გამოირჩევიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ ახალი იდეების განხორციელებას და ამისთვის ხშირად რისკზეც მიდიან.

გუნდურობა

წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ყველაფერს მარტო ვერ გაწვდებიან და გუნდის წევრებთან ერთად, უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ. ამ მიზნით, ისინი გარშემო იკრებენ ნიჭიერ და ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც დასახული მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.

აზრების მკაფიო გადმოცემა

წარმატებული ადამიანები კარგი კომუნიკატორები არიან. მათ ყოველთვის იციან, რა უნდა თქვან, როგორ თქვან და ვისთან თქვან. ამასთან ერთად, ისინი კარგი მსმენელებიც არიან.

ქსელური მუშაობა (ნეთვორკინგი)

წარმატებული ადამიანები კონტაქტებს აფართოვებენ - როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ. ისინი ყოველთვის მოხერხებულად იყენებენ ნაცნობებს, რათა ისარგებლონ ახალი შესაძლებლობებით და გადაჭრან პრობლემები.