ფიჯიში დაკავებული სუპერიახტა Amadea შესაძლოა, რუს ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვს ეკუთვნოდეს

ფიჯის პოლიციამ სამშაბათს, ქვეყნის სანაპიროსთან ძვირად ღირებულ სუპერიახტა Amadea-ს გამოჩენაზე გამოძიება დაიწყო და ეჭვმიტანილ მფლობელად ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი დაასახელა.

ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციის მიერ დაკავებული სუპერიახტა რუს მილიარდერს, სულეიმან ქერიმოვს ეკუთვნის, რომელიც შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების სიაშია.

ეროვნული პოლიციის მართვისა და კონტროლის ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ გემის ეკიპაჟი დააკავეს, ხოლო კაპიტანი დაკითხეს, თუ როგორ მოხვდა იახტა წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვან ქვეყანაში განბაჟების გარეშე.

ფიჯიში სუპერიახტების კომპანია Baobab Marine-ის აგენტმა, ჩეიზ სმიტმა, რომელიც Amadea-ს წარმოადგენს, გემისა და მესაკუთრის შესახებ გავრცელებული ცნობები Reuters-თან ნაწილობრივ უარყო. ის ამბობს, რომ მფლობელის ვინაობა არ იცის და არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ფიჯის პოლიციას გადასცეს.

მისი თქმით, სიტუაციას ადვოკატთა ორი ჯგუფი აგვარებს, თავად კი Amadea-ს და მისი ეკიპაჟის დაცვას განაგრძობს.

აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ფიჯის ლაუტოკას პორტში Amadea-ს შესვლაზე ინფორმაციას ფლობდნენ და საელჩო ამ საკითხზე ფიჯის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

„აშშ მზად არის, აღმოაჩინოს და ჩამოართვას ოლიგარქებს აქტივები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სასტიკ ომს მხარს უჭერდნენ. ევროკავშირის რამდენიმე პარტნიორთან ერთად, უკვე გავყინეთ ან კონფისკაცია გავუკეთეთ ამ ოლიგარქების ბევრ ქონებას. ჩვენ ამ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობებთან და კერძო სექტორის პარტნიორებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის ფიჯიში,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, წყნარი ოკეანის კუნძულების რეგიონ ფიჯისა და ახალ კალედონიაში სუპერიახტებისთვის მხოლოდ ორი პორტი არის ღია, რადგან ბევრმა პატარა კუნძულმა, COVID-19-ის პანდემიის გამო, საზღვრები ჩაკეტა. სუპერიახტებმა ფიჯის წყლებში შესვლამდე სამი დღით ადრე წინა პორტებში სანიტარული ინსპექცია უნდა გაიარონ და სხვა საბაჟო დოკუმენტებიც წარადგინონ.

Marine Traffic-ის მონაცემებით, Amadea-მ მექსიკა 18 დღის წინ დატოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ