"უნივერმაღ თბილისის" მშენებლობა ივნისში დაიწყება

"მოვატ საქართველოში" განმარტავენ, რომ ყოფილი "უნივერმაღი თბილისის" უდიდესი ნაწილი ინვესტორმა კერძო მესაკუთრისგან შეიძინა.

"თბილისის უნივერმაღის" ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყება, - ამის შესახებ bpn.ge -ს კომპანია "მოვატ საქართველოს" წარმომადგენელმა განუცხადა. bpn.ge  კომპანიის წარმომადგენლებს ელექტრონული მიმოწერის საშუალებით დაუკავშირდა.

"მოვატ საქართველოში" განმარტავენ, რომ ყოფილი "უნივერმაღი თბილისის" უდიდესი ნაწილი ინვესტორმა კერძო მესაკუთრისგან შეიძინა. რაც შეეხება სახალმწიფოსგან ნაყიდ ქონებას, კომპანიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსგან შესყიდულ იქნა მხოლოდ შედარებით მცირე ფართი, რაც აუცილებელი იყო პროექტის სრულფასოვნად განსახორციელებლად.

მათივე ინფორმაციით, "უნივერმაღ თბილისის" ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება 2015 წლის ივნისში იგეგმება. შეკითხვებზე, თუ რატომ არის დღეს ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ნაგავსაყრელად ქცეული, ასევე, ამჟამად რა სამუშაოები მიმდინარეობს უნივერმაღის შენობაში, - კომპანიის წარმომადგენლებმა პასუხი არ გაგვცეს. მხოლოდ ის განმარტეს, რომ ისინი ჯეროვნად ასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომელიც მათ დაეკისრათ სახელმწიფოსთან შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით.

დედაქალაქის ცენტრში "თბილისის უნივერმაღის" შენობა 7 წლის წინ გაიყიდა, დღეს კი ერთ დიდ ნაგავსაყრელად არის ქცეული. შენობა ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. უწყებაში კი განმარტეს, რომ მყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, თუმცა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მიმდინარე ეტაპისათვის სრულდება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანიას კი "თბილისის უნივერმაღის" ნაცვლად სავაჭრო ცენტრი "თბილისი პლაზა" უნდა აეშენებინა. "თბილისის პლაზას" შენობის პროექტი არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. პირველადი მონაცემებით, შენობა 2010 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო, შემდეგ კი 2011 წლის აპრილში, თუმცა ბოლო ინფორმაციით, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის ვადა 2016 წლამდე აქვს.

თეა ბითაძე