რუსეთის საგარეო უწყება: ევროკავშირის "შავი სიის" გაფართოებას მოსკოვი ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ ე.წ. შავი სიის გაფართოებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოსკოვი "ადეკვატურ პასუხს" გასცემს.

"სანქციების გაფართოება სასაცილოდ ჟღერს მინკსში 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმების ფონზე" , - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის მიერ იმ 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ევროპელი ლიდერების მოსაზრებით, უკრაინის კონფლიქტის ესკალაციაში მონაწილეობენ. "შავ სიაში" რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანატოლი ანტონოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსებ კობზონი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები მოხვდნენ.