სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“-ს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადება

ნათქვამია - "საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“ , სწორედ ამიტომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანია „ფრესკო“ გამოჩნდა ქართულ რითეილ ბაზარზე, მე არ მიმიცია არც ერთი ინტერვიუ და არ გამიკეთებია არც ერთი საჯარო განცხადება.

„ფრესკო“- მ ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიქცია მომხმარებლის და კონკურენტების ყურადღება, რამდენადაც ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც საკუთარ მიწაზე, საკუთარი ინვესტიციითა და ძალებით ნაშენებ საკუთარ სუპერმარკეტებში, თავადვე აწარმოებს ბიზნესის ოპერირებას.

24 საათი დღე-ღამეში, კვირაში 7 დღე „ფრესკოს“ 1000 (ათასი) კაციანი გუნდი მუდამ მომხმარებლის სამსახურშია. მაღალი ხარისხი, სისუფთავე, მუდმივად ახალი პროდუქცია, სურსათის უვნებლობის სტანდარტების 100 %-იანი დაცვა, დაბალი ფასები, გადასახადების და მომწოდებლების კუთვნილი თანხების დროულად გადახდა, ყოველთვის გამოარჩევს „ფრესკოს“ გუნდს; გუნდს თავისუფალს, ყოველგვარი ნეპოტიზმისაგან, კლანური და პოლიტიკური წნეხისგან; გუნდს, რომელსაც მართავს ჩემს მიერ სათითაოდ და რუდუნებით შერჩეული ტოპ-მენეჯერების ჯგუფი, რომლებითაც არა მარტო მე, არამედ ნებისმიერი დამფუძნებელი იამაყებდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, „ფრესკოს“ მენეჯმენტს და თანამშრომლებს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი მომხმარებლის, ქვეყნისა და ნებისმიერი „ფრესკოელის“ საკეთილდღეოდ.

სამწუხაროდ, ქვეყანაში გავრცელებული შური, ეკონომიკის და ბიზნესის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, უსინდისო და უსირცხვილო კონკურენცია, თავისუფალი პრესის ზოგიერთი წარმომადგენლის ცინიზმი პირადად შემეხო მე და ჩვენს კომპანიას.

სანამ პირადად მე მეხებოდნენ, არავითარი რეაგირება არ მქონდა, რამდენადაც „ძაღლი ყეფს და ქარავანი თავის გზით მიდის“. ეს არ იყო პირველი და ალბათ არც უკანასკნელი ჩემს ბიზნეს ცხოვრებაში მაგრამ, მას შემდეგ რაც წელიწად-ნახევრის წინ, ყვითელი პრესის ერთ-ერთი გამოცემა თავისი საგაზეთო პუბლიკაციით ბინძურად შეეხო „ფრესკოს“ გუნდს და რეგულარულად ურტყამდა გარკვეული ხალხის დაკვეთით, ჩვენ, სამართლებრივ სივრცეში მცხოვრები ბიზნეს სტრუქტურა, სასამართლოს გზით შევეცადეთ სიმართლის აღდგენას და მივაღწიეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლოს განაჩენი დღემდე აღსრულებული არ არის და გამოცემას ჯერაც არ მოუხდია ბოდიში არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის, ხოლო პროკურატურა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის მივმართეთ, სამწუხაროდ დუმს.

„ფრესკოს“ მიერ სასამართლოში შეტანილი კიდევ რამდენიმე საქმე ელის თავის დროს და განაჩენს.

ბოლო წვეთი, რომელმაც აავსო ჩვენი მოთმინების ფიალა, იყო ის აბსოლუტურად უხამსი კომენტარი სატელევიზიო ეთერში, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტმა დილის ეთერში თავს ნება მისცა პრესის მიმოხილვის დროს, სუბიექტურად გადამეტებული უარყოფითი შეფასება მიეცა პრესაში დაბეჭდილ, გადაუმოწმებელ ფაქტზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც გადაცემა ფინანსდება ჩვენი კონკურენტების მიერ და ჟურნალისტი, რომელიც კონკურენტის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში იმყოფება, მიმოხილულ ინფორმაციას ამატებს, რომ ამ კონკურენტის ქსელში მსგავსი შემთხვევა გამორიცხულია.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მე, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე და კომპანია „ფრესკო“ ვღებულობთ გამოწვევას და ვაცხადებთ შემდეგს:

1. დაწყებული 2015 წლის 23 თებერვლის დილის 10:00 საათიდან „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო 10 (ათი) პრინციპულ პროდუქტზე ნებისმიერ მომეტში იქნება ყველაზე დაბალი ფასი ვიდრე სადმე, საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ფრესკოს 5% ფასდაკლების ბარათის გამოყენებით, ქსელში მუდმივად ისედაც ყველაზე დაბალი ფასებია ქვეყნის მასშტაბით.

2. კონკურენტი ქსელის სუპერმარკეტის გვერდით, ჩვენ შევიძენთ მიწის ნაკვეთს და ავაშენებთ ფრესკოს სუპერმარკეტს, რადგან ნათლად დავანახოთ მომხმარებელს განსხვავება „ფრესკოსა“ და კონკურენტ სუპერმარკეტს შორის და რაც მთავარია, სიტყვას ვიძლევით, ჩვენ ამ გეგმას განვახორციელებთ მიმდინარე წლის ბოლომდე.

3. ყველას, ვისაც არ ესმის ჯანსაღი კონკურენცია და შეეცდება ბინძური გზებით და ქმედებებით შეეხოს „ფრესკოს“ გაფრთხილებთ:

თავი შეიკავეთ ამ დაუფიქრებელი ნაბიჯისაგან, რამდენადაც ბოლომდე გამოგყვებით სამართლებრივ სივრცეში და ჩვენი ბიზნეს გადაწყვეტილებებით და რესურსებით შევძლებთ, ინანოთ თქვენი დაუფიქრებელი საქციელი.

ვასილ სოფრომაძე