1 წლის განმავლობაში აუქციონზე 1 763 უძრავი ქონება გაიყიდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკები” დასაკუთრებულ უძრავ ქონებას მიმოიხილავს.

მათი ინფორმაციით, პრობლემური სესხების საკითხი, განსაკუთრებით დაბალ და დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე (განვითარებად) ქვეყნებში აქტუალურ თემას წარმოადგენს. ვინაიდან საქართველო დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, შესაბამისად სესხის გაპრობლემების შანსი ჩვენს ქვეყანაში შედარებით მაღალია. საქართველოში (სებ-ის მეთოდოლოგიის მიხედვით) კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დაახლოებით 9% პრობლემურია, რაც დაბალი მაჩვენებელია. ორგანიზაციის შეფასებით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიან რაოდენობაში პრობლემური სესხების ასეთი მცირე წილი  განპირობებულია იმით, რომ არ ხდება, არაოფიციალურ ბაზარზე, კერძო მევახშეებისგან აღებული სესხების აღრიცხვა.

”საზოგადოება და ბანკები” ამ თემით პირველად, რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა და 2014 წლის ზაფხულში კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით აუქციონის წესით სულ 952 უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა, სადაც კომერციული ბანკების სასარგებლოდ 172 (18.07%), მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ 157 (16.49%), ხოლო კერძო მევახშეების სასარგებლოდ კი 623 (65.44%) ერთეული ქონების რეალიზაცია მოხდა. ამ შედეგებიდან ნათელია, რომ აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან რეალიზაციაში კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას ყველაზე დიდი წილი 65.44% უკავია, რაც დიდი მაჩვენებელს წარმოადგენს და შემაშფოთებელი ფაქტია. ”საზოგადოება და ბანკები” ამ თემით კვლავ დაინტერესდა და 2014 წლის მონაცემები სრულად მიმოიხილა.

”მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონის წესით რეალიზებული ქონების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება მხოლოდ 2011 წლიდან ხდება, სადაც ქონების რეალიზაციის მიზეზების მითითება არ ხდება. ამასთან, უძრავი ქონების რეალიზაციის გამიჯვნა კრედიტორების მიხედვით 2013 წლის ოქტომბრის თვემდე არ ხდებოდა. აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონების ოდენობა 2011 წლიდან 2012 წლის ჩათვლით - ზრდის, ხოლო 2013 წლიდან კი კლების ტენდენციით ხასიათდება. 2014 წელს, გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მცირე ოდენობის (1,721 ერთეულის) რეალიზაცია მოხდა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გასულ წელს აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონების ოდენობა შემცირდა, რაც დადებითი ფაქტია.

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ მონაცემები შემდეგია: სულ რეალიზებულია 1,763 უძრავი ქონება, სადაც 376 შემთხვევაში კრედიტორებს კომერციული ბანკები წარმოადგენს, რაც საერთო რაოდენობის 21.3%-ია. 298 შემთხვევაში კრედიტორები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რაც 17%-ის ტოლია, ხოლო დანარჩენ 1,089 შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, რაც მთლიანი ოდენობის 61.8%-ია. ამ მონაცემებიდან ვხედავთ, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ჩათვლით აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან რეალიზაციაში კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას კვლავ ყველაზე დიდი წილი 62% უკავია, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელი და საგანგაშო ფაქტია”,- ნათქვამია ”საზოგადოება და ბანკების” კვლევაში.