დღეს ჩვენ საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის ეფექტურად რეალიზების უნიკალური შანსი გვაქვს - გია ხუხაშვილი

რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს აქვს შანსი, მოკლე ვადაში გააორმაგოს ტვირთბრუნვა - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფო უნდა მუშაობდეს სამხრეთ კავკასიური დერეფნის ამოქმედებაზე, თუმცა ეს არ კეთდება. მეტიც ქვეყანა ხელიდან უშვებს საუკეთესო შესაძლებლობებს.

„ჩვენ დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის ეფექტურად რეალიზების. მხედველობაში მაქვს ის, რომ მოგეხსენებათ სამხრეთ კავკასიური დერეფანი არის რუსეთის ალტერნატივა აღმოსავლეთ-დასავლეთის შეერთებაში, ჩინეთი და ინდოეთი, შეძლება არ უერთდებიან სანქციებს, მაგრამ ისინიც იძულებული არიან დივერსიფიცირება მოახდინონ თავისი ტვირთნაკადების. მიზეზი მარტივია, რუსეთის გავლით ტვირთების ლოჯისტიკა, უკვე ძალიან პრობლემატურია. აქაც გამოჩნდნენ ,,ექსპერტები“ რომლებიც არარეალურ კომენტარებს აკეთებენ. 180 მლნ ტონა როგორ უნდა წამოვიდეს ჩვენსკენ, როცა ჩვენს რკინიგზას არ აქვს ამდენი გამტარუნარიანობა.

რეალურად კი, ჩვენი დერეფნის ტვირთგამტარობა არსებული ინფრასტრუქტურით მაქსიმუმ 40 მლნ ტონაა. ესეც მაქსიმალური რეაბილიტაციის პირობებში და იმ პირობებში, როცა გარკვეულწილად ინფრასტრუქტურული პოტენციალი გაიზარდება. დღეს ანაკლიის პორტი ამიტომ არის უდიდესი გაშვებული შესაძლებლობა. დიდი ზრდისთვის ისეთი სიჩქარეებია საჭირო, ჩვენი რკინიგზა ამისთვის მზად არ არის. მაშინ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. იგივე ხდება აზერბაიჯანის რკინიგზაზე. ის რკინიგზა კიდევ უარეს მდგომარეობაშია. კასპიის ზღვაში კი, არ არის საკმარისი საბრუნავი სისტემები. ეს გრძელვადიანი პროექტია.

მიუხედავად ამისა, გაზრდა, ანუ გაორმაგებამდე მიყვანა ინფრასტრუქტურის ძალიან სწრაფი რეაბილიტაციით და ანაკლიის პორტის სწრაფად ამუშავებით შესაძლებელია. შეიძლება, ვიღაც ამაზე ფიქრობს, მაგრამ ერთი ფიქრია და მეორე ქმედება. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დაავადება ხომ ეს არის. პოლიტიკური სიზარმაცე. ისინი დაიბადნენ იმისთვის, რომ არაფერი აკეთონ და იფიქრონ საკუთარ კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა „ნიუსრუმში“.

თამარ მუკბანიანი