ერთ თვეში სასტუმროების ფასების ინდექსი 8.5%-ით გაიზარდა

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4%-ით არის გაზრდილი.

„2022 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19%-ით გაიზარდა.

2022 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 246 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა გასულ თვეში 114 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი მარტში 406 ლარი შეადგინა.

თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 574 ლარი შეადგინა, კახეთში - 452 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 373 ლარი, ხოლო გურიაში - 352 ლარი,“-ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი