Reuters - რუსეთი დეფოლტის არიდებას ცდილობს და 650 მლნ დოლარის საგარეო ვალი საშეღავათო პერიოდის ბოლო დღეს დაფარა

რუსეთმა ობლიგაციების დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით, 650 მლნ დოლარის ორი სუვერენული ევრობონდის ვადაგადაცილებული სესხი კუპონებითა და ძირი თანხის სახით ობლიგაციების მფლობელებს საშეღავათო პერიოდის გასვლამდე, ანუ 4 მაისამდე გადაუხადა. ამის შესახებ Reuters-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

წყაროს ცნობით, თანხა ობლიგაციების ზოგიერთ მფლობელს ორშაბათს გადაეცა. აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს დაუდასტურა, რომ მოსკოვმა ორი სუვერენული ევრობონდის ვადაგადაცილებული სესხი შეერთებულ შტატებში გაყინული რეზერვების გამოყენების გარეშე დაფარა. მან, ასევე, დასძინა, რომ თანხის ზუსტი წარმომავლობა გაურკვეველია.

Reuters-ის შეფასებით, რუსეთის 40 მლრდ დოლარის საერთაშორისო ობლიგაციები ფინანსური დაპირისპირების ცენტრი გახდა დასავლეთის დედაქალაქებსა და მოსკოვს შორის მას შემდეგ, რაც დასავლეთმა უკრაინაში ომის გამო რუსეთს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა, ხოლო მოსკოვმა საპირისპირო ზომები მიიღო.

შეზღუდვებმა სუვერენულ და კორპორატიულ ობლიგაციებზე სესხის გადახდა გაართულა, ხოლო ზოგიერთმა კორპორაციამ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა, როგორიც არის რუსეთის რკინიგზა, თანხები დროულად ვერ გადარიცხეს.

30-დღიანი საშეღავათო ვადით დაიფარა 4 აპრილს გადასახდელი სესხი, რომელიც მოიცავს ობლიგაციებსა და 2024 წელს დასაფარ ერთი ობლიგაციის საპროცენტო გადასახადს.

ამჟამად ყურადღება გადატანილია რუსეთის მომავალ გადახდაზე, რომელიც 27 მაისს უნდა დაიფაროს და 2016 წელს გამოშვებულ დოლარის ობლიგაციებზე, ასევე, 2021 წელს ევროში გამოშვებულ ობლიგაციებზე კუპონებით გადახდას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ამ გადახდამდე, 25 მაისს, იწურება დროებითი ლიცენზიის ვადა, რომელიც აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გასცა და რუსეთს უფლებას აძლევს, სუვერენული ვალის გადასახდელად ტრანზაქციები აწარმოოს.

გაგრძელდება თუ არა ეს ვადა, ამის შესახებ აშშ-ს ხაზინა Reuters-სთან კომენტარს არ აკეთებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ