ქართველი მეთევზეები VS თურქი მეთევზეები

”ხომ უნდა ვიარსებოთ, ავიყრებით მაშინ აქედან და მთლიანად თურქებს გადასცენ ფოთის სანაპირო”

ფოთელი მეთევზეები დახმარებას ითხოვენ - საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით, მათ აქცია გამართეს და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესაბამის ზომებს არ მიიღებს, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. კერძოდ, მეთევზეები ე.წ. ქისა-ბადით თევზაობის წესის წინააღმდეგ გამოდიან და მიაჩნიათ, რომ ეს შავი ზღვის აკვატორიის ფლორისა და ფაუნის განადგურებას იწვევს, რაც ბრაკონიერობის ტოლფასია. მათი თქმით, ე.წ. ქისა ბადით თევზაობა, რომელიც 300 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება, მხოლოდ თურქი მეთევზეებისთვის არის ხელსაყრელი და რამდენიმე წლის წინ სწორედ მათთვის იქნა ეს ცვლილება დაკანონებული.

მერაბი, ფოთელი მეთევზე: ”თურქებს ჩვენზე უკეთესი აღჭურვილობა აქვთ, ისინი შორიდან ხედავენ თევზს, არჩევენ მის ზომას, წონასა და სახეობასაც კი. ეს თევსაჭერი ჩვენთვის არ არის ხელისაწვდომი მისი სიძვირის გამო, ათეულობით ათასი ლარი ღირს. ამის გამო ვიჩაგრებით. თურქებს არც თევზის რეალიზების პრობლემა აქვთ, სადაც დაიჭერენ იქვე მოდის თურქული გემები, რომლებსაც თევზით ტვირთავენ და თურქეთში მიაქვთ. ჩვენ რაც თურქებს დარჩებათ, იმას ვთევზაობთ, ისედაც აღჭურვილობა არ გვივარგა. მე ბრაკონიერებზე კი არა, ლიცენზირებულ ინდმეწარმეებზე გესაუბრებებით. სახელმწიფოს გადასახადი ხომ უნდა გადავუხადოთ. ისედაც ცუდ თევზს ვიჭერთ, ანუ თურქების ნარჩენს და მისი გაყიდვა ძნელია. არადა, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი თევზია. ისიც ვიფიქრეთ, ბანკიდან ავიღოთ კრედიტი და ის თევსაჭერი შევიძინოთ, მაგრამ რეალიზაცია რომ ვერ შევძლოთ, რით გავისტურმოთ ბანკის ვალი? ხომ უნდა ვიარსებოთ, ავიყრებით მაშინ აქედან და მთლიანად თურქებს გადასცენ ფოთის სანაპირო”.

მეთევზეების თქმით, გარდა ამისა მთელი რიგი ტექნიკური ხარვეზებია, რაც მუშაობაში ხელს უშლით. ისინი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, რისთვისაც შუამდგომლობას ფოთის მერს სთხოვენ. პრობლემების არგადაჭრის შემთხევვაში კი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

როგორც ჩვენთან საუბარში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია ამბობს, ახალი სალიცენზიო პირობების ფორმირებისას უწყების წარმომადგენლები აუცილებლად შეხვდებიან მეთევზეებს და შეეცდებიან, რომ ქართული ეკონომიკისთვის მაქსიმალურად სასარგებლო პირობები ჩამოყალიბდეს.

თემურ მურღულია: საქმე ის არის, რომ ახლა, ფოთში რამდენიმენაირი პრობლემა იკვეთება, - 2006 წელს გაიცა 10-წლიანი თევზჭერის ლიცენზია, რომელიც ასე ჩამოყალიბდა: თავის დროზე იყო ძირითადი ლიცენზიანტები და მხოლოდ 10% იყო არარეგულირებადი თევზჭერა. ასევე, არიან ლიცენზიის გარეშე მყოფები და თავისუფალ თევზსაჭერ ზონაში მოქმედებენ. ასეთ პირობებში სახელმწიფოთი კმაყოფილი არავინ არის. ყველა კატეგორიასთან ცალ-ცალკე მოგვიწევს საუბარი. ყველას, ვისაც უნდა, რომ პრეტენზია გამოთქვას, სურათს თავისი ფუნჯით ხატავს. ქისა-ბადე, არის ბადე, რომელიც სეინერზეა გამობმული. არის კიდევ ერთი სახეობის ბადე – ”ტრალი”, რომელიც მართლაც საშინელია, რადგან ფსკერამდე ეშვება და როდესაც მას მოზიდავენ, ზღვის ძირამდე ყველაფერს იჭერს. ეს გაცილებით არაჰუმანური და მავნეა ფლორისა და ფაუნისთვის. სწორედ ამას იყენებენ ადგილობრივი მეთევზეები. რაც შეეხება, ე.წ. ქისა-ბადეს, ის ბევრად მაღალი ხარისხისაა და გაცილებით ძვირია. თავის დროზე, ქართული სეინერებიდან თურქებმა იყიდეს.

- იმას ამბობთ, რომ ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას თურქები კი არა, ადგილობრივები აზიანებენ?

- ადგილობრივებს უნდათ იმ მეთოდით ითევზაონ, რომელიც დამანგრეველია იმ გარემოსთვის, სადაც თევზაობენ... დიახ, არავინ ურყოფს, რომ ამ სფეროში პრობლემები არსებობს, მაგრამ რადგან ქისა-ბადე ძვირია, ამიტრომ ”ტრალით” უნდა ითევზაონ? ეს იგივეა, ვინმემ რომ თქვას, - ანკესი ძვირია და ამიტომ დინამიტს ჩავდებთო...

- როგორ აპირებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებას?

- პარასკევს ვაპირებთ შევხვდეთ სამივე კატეგორიის მეთევზეებს და მათი პოზიციები მოვისმინოთ, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც საქმე ეხება გარემოსა და სახელმწიფო ინტერესებს, არავითარი შანტაჟის გამო უკან არ დავიხევთ. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების თუნდაც მცირე ჯგუფის ინტერესები დავიცვათ, თუ შესაძლებელია კონსესუსის გამონახვა, ცხადია, ჩვენ ამაზეც ვიზრუნებთ. გამოსავალის ძებნაზე უკან არასდროს დაგვეხევია, მაგრამ ჩვენ არაფერი უნდა შეგვეხოს, სანაპიროს თევზი და საერთოდ გარემო არ გვაინტერესებსო, - ასეთი ტიპის პასუხს ვერ მივიღებთ. თუ ვინმეს ქუჩის გადაკეტვისა და უძლეველობის სურვილი აქვს, კი ბატონო, გადაკეტოს. მგონი, სახელმწიფოს და მთელი საზოგადოების ინტერესია, რომ წლების შემდეგ, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში. სწორედ ამიტომ, სარეწაო რეგულაციების დარღვევას ვერ დავუშვებთ.

ლალი პაპასკირი