ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება

”აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის”

საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობას ეკუთვნის, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის.  "ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-ისა. ეს არის მეორე სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომლითაც სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.