Tesla შანხაიში კიდევ ერთ გიგაქარხანას ააშენებს

კომპანიამ Tesla რამდენიმე დღის წინ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ქალაქ შანხაიში, მისი კუთვნილი გიგაქარხნის მიმდებარედ კიდევ მეორე, ამავე სიმძლავრის ქარხნის აშენებას აპირებს. ახალ ქარხანას წლიურად 500 000-მდე ავტომობილის წარმოება შეეძლება.

როგორც ცნობილია, Gigafactory Shanghai, რომელიც თითქმის 2 წელია ბრენდის ელექტრომობილებს აწარმოებს, სულ უფრო ზრდის წარმოების სიმძლავრეებს, თუმცა ჯერ არ მიუღწევია პიკური მაჩვენებლისთვის - ნახევარი მილიონი ავტომობილის წლიური წარმოებისთვის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თუ გარე პირობებმა ხელი არ შეუშალეს, ამ ნიშნულის მიღწევა წელსაა დაგეგმილი. ასევე ცნობილია, რომ ამ ქარხანაში კომპანია მის ორ ყველაზე გაყიდვად მოდელს სედან Model 3 და ქროსოვერ Model Y -ს აწარმოებს. გასულ წელს კომპანიამ აქ 484 100 ელექტრომობილი აწარმოა, რაც მისი წლიური გლობალური გაყიდვების თითქმის ნახევარია.

ამასთან, ახალი სიმძლავრეების დამატების შემთხვევაში კი ამერიკელები აცხადებენ, რომ შანხაი გახდება მათი ელექტრომობილების ექსპორტის უდიდესი ჰაბი. სწორედ შანხაის ქარხანაში წარმოებული 321 000 ელექტრომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც 117%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. მათ შორის 163 130 ელექტრომობილი გავიდა ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიცაა გერმანია და იაპონია.

ახალი გეგმის თანახმად კი, მას შემდეგ, რაც ჯამში კომპანია შანხაის ქარხნებში მილიონი ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს, მათი უდიდესი ნაწილი სწორედ აქედან გავა ექსპორტზე.

კოკა კვირკველია