თურქეთში აცხადებენ, რომ შავი ზღვის გაზის მარაგები მსოფლიო მოთხოვნებს 45 წელი დააკმაყოფილებს

შავ ზღვაში ენერგომატარებლების მარაგები მსოფლიო მოთხოვნას ბუნებრივ აირზე მომდევნო 45 წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს. ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

„დღეისათვის შავი ზღვის ბუნებრივი აირის მარაგები შეფასებულია 540 მლრდ კუბურ მეტრად და ეს მხოლოდ დასაწყისია, მას გაგრძელებაც ექნება. შავ ზღვას შეუძლია მსოფლიო გაზის მოთხოვნის დაკმაყოფილება 45 წლის განმავლობაში“, - ციტირებს ილდირიმს გამოცემა Sözcü.

შავ ზღვაში მსხვილი გაზის მარაგების აღმოჩენის შესახებ თურქეთის ხელისუფლებამ პირველად 2020 წელს გამოაცხადა. ყველაზე მსხვილი საბადოს - „საკარიას“ მარაგები შეფასებულია 400 მლრდ კუბურ მეტრად.

თურქეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის ფატიხ დომნეზის განცხადებით კი, ამ საბადოს ექსპლუატაცია დაგეგმილია 2023 წლიდან და გეგმაშია აქედან დღიურად 40 მლნ კუბური მეტრი აირის მიღება. „საწყის ეტაპზე მოხდება დღე-ღამეში 10 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება, მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში კი ის გაიზრდება 40 მლნ-მდე“ - განაცხადა მან.

მანამდე კი ითქვა, რომ თურქეთი 10 მლრდ დოლარის ინვესტიციას ჩადებდა „საკარიას“ საბადოს ათვისებაში. აქ წლიურად 14 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ამოტუმბვაა დაგეგმილი.

კოკა კვირკველია