იაპონია G7-ის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე უარს თქმას ითვალისწინებს, მხარს დაუჭერს

იაპონია დიდი შვიდეულის (G7-ის) გადაწყვეტილებას, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე უარს თქმას ითვალისწინებს, მხარს დაუჭერს მიუხედავად იმისა, რომ ეს ტოკიოსთვის საკმაოდ რთული საკითხია. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

„იაპონიისთვის, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია ენერგორესურსების იმპორტზე, ეს რთული გადაწყვეტილებაა. თუმცა ახლა G7-ის ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განაცხადა კიშიდამ.

იაპონიის პრემიერმა შვიდეულის ლიდერების ონლაინ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმაც მიიღო, განაცხადა, რომ იაპონია მზადაა უკრაინის ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის და ამავდროულად რუსეთზე წნეხის გასაძლიერებლად. რუსულ ენერგორესუსრებზე უარის თქმის კონკრეტულ ვადებზე საუბრისას კიშიდამ აღნიშნა, რომ ეს უახლოს მომავალში გადაწყდება. ამასთან, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თქმით, ტოკიო გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგომატარებლების იმპორტის შემცირებამ მინიმალური ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანების ცხოვრებაზე და ადგილობრივი კომპანიების საქმიანობაზე. თავად რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების პროცესი კი წარიმართება ეროვნული ინტერესების პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

კოკა კვირკველია