ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ Credit Suisse-ს ისევ უჩივის

შვეიცარიის წამყვანი ბანკის, Credit Suisse-ის ბენეფიციარებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა აქტივების მართვაზე ვალდებულებების სერიოზული დარღვევის, კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფისა და ბანკის რწმუნებულის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის გამო გერნსის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას PRNewswire ავრცელებს.

Credit Suisse-ისა და მისი განყოფილებების წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ წამოწყებული გლობალური სამართალწარმოება მრავალი წელია მიმდინარეობს. 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი, რომელიც შვეიცარული ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხის დაბრუნებას შეეხებოდა.

ასევე, მარტის ბოლოს Credit Suisse-მ გაავრცელა განცხადება, რომ როგორც კი ბერმუდის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას მისი ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ, ბანკი იძულებული გახდება, 500 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადოს. თუმცა შვეიცარული ბანკი ივანიშვილს აქტივების გადაცემას საერთაშორისო სანქციებში მისი შესაძლო მოხვედრის არგუმენტით უგვიანებს. მანამდე ბენეფიციარებმა ეს დარღვევები რამდენჯერმე მეურვისთვის, ანუ Credit Suisse ისთვის გაგზავნილ წერილებში აღნიშნეს.

მოსარჩელეების განცხადებით, მიმდინარე წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხის გაცემა მოითხოვეს, რომელიც რწმუნებულმა მხოლოდ 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ დროის განმავლობაში რწმუნებული ინფორმაციის უსაფუძვლო გამოთხოვას ეწეოდა და შეფერხების დასასაბუთებლად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემოს“ ასახელებდა.

ამის საპასუხოდ, ბენეფიციარები ამტკიცებენ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და არანაირ სანქციებს არ ექვემდებარებიან.

„ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რომელიც არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია, თუმცა რწმუნებულმა მისი ელემენტარული გადამოწმება ვერ შეძლო. ბ-ნი ივანიშვილი Credit Suisse-ის მხრიდან არა მხოლოდ დისკრიმინირებულია, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ექვემდებარება,“ - ნათქვამია განცხადებაში.