რუსეთის ფინანსთა სამინისტრო 1994 წლის შემდგომ ეკონომიკის ყველაზე დიდ ვარდნას პროგნოზირებს

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მოელის, რომ ქვეყნის ეკონომიკას მიმდინარე წელს ყველაზე ცუდი ვარდნა ექნება 1994 წლის შემდეგ - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი უწყების შიდა პროგნოზზე დაყრდნობით წერს.

როგორც წყარო სააგენტოსთან აცხადებს, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2022 წელს რუსეთის მშპ 12%-ით შემცირდება. ეს კი ყველაზე დიდი კლება იქნება 1994 წლის ეკონომიკის კლების შემდეგ, როცა ვარდნამ 12,6% შეადგინა.

სააგენტოსთან წყარო აცხადებს, რომ თუ უწყების პროგნოზი ახდება, ეს წერტილს დაუსვამს რუსეთის ეკონომიკის ბოლო 10-წლიან ზრდას.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკის ვარდნაზე უარყოფით გავლენას ახდენენ ნავთობზე ამბარგო და ევროკავშირის მხრიდან რუსულ გაზზე უარი, ასევე უცხოური კომპანიების ქვეყნიდან გასვლა. ეკონომისტ ნატალია ლავროვას განცხადებით, მხოლოდ ახლა ამოქმედებული სანქციების 2022 წელს ეკონომიკას 10%-ით შეამცირებს, ხოლო 2023 წელს დამატებით 5%-ით.

ცნობისთვის, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის ეკონომიკის წლიური პროგნოზი 29 აპრილს გაავრცელა, რომლის თანახმად, მოსალოდნელია 8-10%-იანი კლება, ხოლო 2023 წელს 0-3%-იანი. ზრდას კი უწყება 2024 წლიდან მოელის 2,5-3,5%-ის ფარგლებში.

ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით კი, წელს რუსეთის ეკონომიკა 8,8%-ით შემცირდება, ხოლო 2023 წელს 1,3%-ით გაიზრდება, 2024-ში 4,6%-ით, 2025-ში კი 2,8%-ით.

S&P Global Market Intelligence-ის პროგნოზით კი წელს რუსეთის ეკონომიკა 11,1%-ით შემცირდება, 2023 წელს კი 1,9%-ით. ზრდა კი 2024 წელს დაფიქსირდება - 1,6%-ით.

კოკა კვირკველია