ევროკავშირი SWIFT-დან სამ მსხვილ რუსულ ბანკს გათიშავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შემოსაღებად ემზადება. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 მაისს განაცხადა, ევროპის ხელისუფლება აპირებს „სბერბანკისა“ და ორი სხვა დიდი რუსული ბანკის გათიშვას SWIFT-ის ფინანსური შეტყობინებების სისტემიდან. Politico-ს ცნობით, საუბარია მოსკოვის საკრედიტო ბანკზე (MCB) და რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკზე (RSHB). სამივე ბანკი სისტემურად მნიშვნელოვან და უმსხვილეს საკრედიტო ინსტიტუტებს შორის არის რუსეთში აქტივების მხრივ.

ექსპერტის აზრით, არსებობს ორი სცენარი:

პირველი, ევროკავშირმა შეიძლება გამოსცეს ცალკე მოთხოვნა SWIFT-დან სამი რუსული ბანკის გათიშვის შესახებ;

მეორე, რომლის მიღებაც პირველის მიუხედავად შეიძლება, არის ბანკების ბლოკირების სანქციების ქვეშ მოქცევა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რაიმე ურთიერთობა ჰქონდეთ ბანკებთან და მათ შვილობილ კომპანიებთან, რომლებშიც ბანკებს 50%-ზე მეტი საკუთრება აქვთ.

ცნობისათვის, ამ მომენტამდე SWIFT-დან გათიშული იყო 7 რუსული ბანკი.

შეგახსენებთ, რომ SWIFT-ი არის ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემა, რომელიც მთელს მსოფლიოში გამოიყენება. SWIFT-ი არაპოლიტიკური დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მაგრამ ის ევროკავშირში მდებარეობს, შესაბამისად ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს ექვემდებარება.

ეკა დარჩიაშვილი