„ლუკოილი“ რუსეთში Shell-ის შვილობილ კომპანიას ყიდულობს

„ლუკოილი“ ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-ისგან Shell Oil-ის 100%-იან წილს ყიდულობს, რომელიც ტვერის ოლქში ბენზინგასამართ სადგურების ქსელს და საპოხი მასალების ქარხანას ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლუკოილის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გარიგება ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის თანხმობის შემდეგ დასრულდება.

კომპანიის ნავთობპროდუქტების გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი, მაქსიმ დონდე აცხადებს, რომ „რუსეთში Shell-ის მაღალი ხარისხის ბიზნესის შეძენა სრულად შეესაბამება „ლუკოილის“ სტრატეგიას, რომელიც პრიორიტეტული სადისტრიბუციო არხების, მათ შორის საცალო ქსელის, ასევე, საპოხი მასალების ბიზნესის განვითარებას ემსახურება.“

Shell-ის დაუნსტრიმის სეგმენტის დირექტორი, ჰაიბერტ ვიგევენო აცხადებს, რომ გარიგების ფარგლებში, Shell Oil-ის 350-ზე მეტი თანამშრომელი ახალ მფლობელთან სამუშაო ურთიერთობას შეინარჩნებს.

Shell-ს 411 ავტოგასამართი სადგური აქვს, რომელიც, ძირითადად, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ფედერალურ ოლქებში მდებარეობს. ზოგიერთი მათგანი თავად კომპანიის საკუთრებაა, ზოგი კი Shell-ის ბრენდის ქვეშ მოქმედი ფრენჩაიზია.

მაისის დასაწყისში Shell Oil-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი სტაროდუბცევმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზრის ყველა ენერგეტიკული პროექტიდან გასვლის გამო, Shell მოლაპარაკებებს შვილობილი კომპანიის გაყიდვაზე აწარმოებდა.

მარტში ბრიტანულ-ჰოლანდიურმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ რუსეთში საქმიანობის ეტაპობრივი შეწყვეტა უკრაინის ომის გამო გამოაცხადა. ამავდროულად, კონცერნი რუსეთის მრავალი ენერგეტიკული პროექტიდან, მათ შორის Nord Stream 2-იდანაც გავიდა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის შემცირება Shell-ს 4,24 მლრდ დოლარის აქტივების ჩამოწერა დაუჯდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ