გიორგი შუხოშვილმა დიპკორპუსს 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტები გააცნო

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა დიპლომატიური კორპუსის წევრებს, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, 2014 წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლოატაციო რეჟიმში შევიდა 19 ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით - 7.3 მილიონი ლარი. დასრულდა 29 პოლიგონის შემოღობვის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით - 7.2 მილიონი ლარი. კომპანიის გამართული საექსპლოატაციო სისტემის უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი იქნა 16 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი).

გიორგი შუხოშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ორი რეგიონისთვის (იმერეთი და ქვემო ქართლი) ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტების განხორციელება დაიწყო. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით "ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი" ხორციელდება, რომლის ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, სესხისა და საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წელს განსაკუთრებული შეთანხმებები გაფორმდა. დასრულებულია პროექტის ორეტაპიანი ტენდერიც.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით კი "ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი" ხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 12 მლნ ევრო. პროექტის ფარგლებში 2014 წელს შერჩეულმა კონსულტანტმა - დანიურმა კომპანიამ COWI-მ საბაზისო კვლევის პროექტი მოამზადა. ამ ეტაპისათვის შემუშავებულია რეგიონის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც.

გასულ წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" ჩართულობით შესაბამის სამინისტროებთან ერთად, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი შეიმუშავა. ის საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შეთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა-მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვას მოიცავს. ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია საბოლოო რედაქცია. უახლოეს მომავალში ინტერესთა გამოხატვის ოფიციალურად გამოცხადება იგეგმება, რაც პოტენციურ ინვესტორებს შეთავაზებების წარდგენის საშუალებას მისცემს.