Zara-მ ნაყიდი ნივთის ონლაინ დაბრუნება ფასიანი გახადა

მოდის გიგანტმა, Zara-მ მომხმარებლისთვის ონლაინ შენაძენის იგივე გზით დაბრუნება ფასიანი გახადა.

BBC-ის ცნობით, მომხმარებლებმა ტანსაცმლის დასაბრუნებლად 1,95 ფუნტი (2,38 დოლარი) უნდა გადაიხადონ, რაც მათთვის თანხის ანაზღაურებიდან გამოიქვითება. თუმცა ოფლაინ შეძენილი საქონლის მაღაზიებში დაბრუნება ისევ უფასოა.

BBC-ის ცნობით, ონლაინ დაბრუნება High Street-ის ბრენდებს, Uniqlo-სა და Next-საც ფასიანი აქვთ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ Zara-ს მაგალითს სხვა საცალო მოვაჭრეებიც გაჰყვებიან.

„ეს მზარდი ტენდენციაა, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო და აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ონლაინ შოპინგი ზრდას განაგრძობს,” - აცხადებს Mintel-ის საცალო კვლევების ასოცირებული დირექტორი, ნიკ კეროლი.

მისი თქმით, მაღაზიებში უფასო დაბრუნების დაშვება შესაძლოა, მაღაზიებისკენ ხალხის მიბრუნებას დაეხმაროს.

დიდ ბრიტანეთში, კანონის თანახმად, მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს თანხის სრულად დაბრუნება არადამაკმაყოფილებელი ხარისხის, გამოსაყენებლად უვარგისი ან აღწერილობასთან შეუსაბამო ნივთისთვის იმ პირობით, თუ ეს შესყიდვიდან 30 დღის განმავლობაში მოხდება.

საქონელი უკან კურიერის საშუალებით უნდა დაბრუნდეს, გაიგზავნოს საწყობში, გაიხსნას, გაიწმინდოს და ხელახლა გამოიფინოს გასაყიდად. იმის გარდა, რომ ეს პროცესი მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამან, მაგალითად, ტანსაცმლის შემთხვევაში შესაძლოა, საქონელს თავისი სეზონი დააკარგვინოს.

Zara იმედოვნებს, რომ ფასიანი დაბრუნებით მომხმარებლის შეძენასა და შენაძენის დაბრუნებას შორის ბალანსს შექმნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ