ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების გადადებას მოითხოვს

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ალიანსს შესთავაზა, გადადოს გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდების აკრძალვის შესახებ, რათა მიიღონ სანქციების მეექვსე პაკეტი ემბარგოს გარეშე. ეს ვარიანტი კი იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ შეუძლებელი გახდება უნგრეთის დარწმუნება, მხარი დაუჭიროს რუსეთიდან ნავთობის მიწოდების აკრძალვას - წერს Bloomberg-ი ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით.

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები კვლავ ცდილობენ სრულად შეთანხმდნენ სანქციების მეექვსე პაკეტზე, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს ეტაპობრივ შემოღებაზე. დაგეგმილია შეთანხმების დადება ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ორშაბათს, 16 მაისს ბრიუსელში გაიმართება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ნავთობზე ემბარგოს ნებისმიერი ვარიანტი ევროკავშირის სამიტზე უნდა განიხილოს. მორიგი სამიტი კი მაისის ბოლოს არის დაგეგმილი.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ევროკომისიის მეთაურმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორბანთან და სხვა ლიდერებთან ვიდეოზარი დაგეგმა, რათა შესაძლო კომპრომისი და სხვა დეტალები განეხილა, თუმცა ზარი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ეკა დარჩიაშვილი