საქართველო აგრარული პროდუქციის ექსპორტს ზრდის

ომისა და რეგიონში არსებული ლოგისტიკური პრობლემების მიუხედავად, ქართული აგრარული ექსპორტი ზრდას განაგრძობს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, გელა ხანიშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში აგრარული ექსპორტი წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 20%-ით აღემატება.

მისი თმით, ექსპორტის მთავარი პრობლემა ტრანსპორტირების ფასის ზრდაში მდგომარეობს.

„ლოგისტიკური თვალსაზრისით, მთელი მსოფლიო რთულ მდგომარეობაშია. საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების გაზრდის გამო, ახლა ვმუშაობთ საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე. პირველ ეტაპზე სირთულეები პოსტპანდემიურ პერიოდს უკავშირდებოდა, ახლა ამას უკრაინის ომიც დაემატა. არსებული პირობებით, სოფლის მეურნეობის ექსპორტში ჩართული ყველა კომპანია ასევე მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ფერმერებს ბაზრის შესწავლასა და საერთაშორისო სტანდარტების ათვისებაში დაეხმარება, რომლის გარეშეც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, რაც მათ პროდუქციას უფრო ცნობადს გახდის და მათზე მოთხოვნას საერთაშორისო ბაზარზე გაზრდის.

„წელიწადში 9-10 მილიონ ლარს ვხარჯავთ მხოლოდ ღვინის გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა ბაზარზე და საუბარია გამოფენებზე, რომლებიც არ არის გამიზნული პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ევროპასა და ამერიკაზე, აზიის ქვეყნებზე და იაპონიაზე. ყოველწლიურად ჩვენს ღვინოს ახალი სარეალიზაციო ბაზრები აქვს, სადაც ღვინის ექსპორტი პოზიციებს ამყარებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკა დარჩიაშვილი