ევროკავშირი უკრაინას მარცვლეულის საცავების დაცლაში დაეხმარება

ევროკავშირი დაეხმარება უკრაინას დაცალოს მარცვლეულის საცავები, რათა ახალი მოსავლისთვის ადგილი გამოათავისუფლოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეპ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, აწარმოოს და ექსპორტზე გაიტანოს მარცვლეული და ხორბალი. უკრაინის საცავები ახლა გადავსებულია. აუცილებელია მათი დაცლა, რათა გაჩნდეს ადგილები ახალი მოსავლისთვის. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ გავიტანოთ მარცვლეული“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამისთვის განიხილება ყველანაირი გზა, მათ შორის, საზღვაო. „პრობლემა იმაშია, რომ იქ ყველაფერი დანაღმულია“, - თქვა მან.

ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს უკრაინის ეკონომიკას, კერძოდ იღებს ზომებს კიევთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის კუთხით.

კოკა კვირკველია