აშშ-ის ხაზინამ რუსეთს ვალის დოლარში გადახდის ლიცენზია შესაძლოა, აღარ გაუგრძელოს

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციების ფარგლებში რუსეთს სუვერენული ვალის დოლარში გადახდის ლიცენზია შესაძლოა, აღარ გაუგრძელოს. ამის შესახებ საგენტო Bloomberg საკითხის მცოდნე ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს.

უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც ხაზინის დეპარტამენტის სტრუქტურაა, ეს ლიცენზია მიმდინარე წლის 2 მარტს გასცა, მისი ვადა კი 25 მაისს იწურება. OFAC-ის ლიცენზია რუსეთს უფლებას აძლევს, ფასიან ქაღალდებში გადახდებისთვის საჭირო ტრანზაქციები აწარმოოს. 27 მაისს რუსეთს ევროობლიგაციების ორი ემისიის გადახდა უწევს.

Bloomberg-ის თანამოსაუბრეების ცნობით, აშშ-ის ხაზინის ზოგიერთი ჩინოვნიკი ლიცენზიის განახლებას მხარს უჭერს, რომ რუსეთმა ვალების გადახდით ქვეყანაში შესული უცხოური ვალუტის ხარჯვა გააგრძელოს. თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საბოლოოდ უფრო მკაცრი სცენარისკენ გადაიხარა.

Bloomberg-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თეთრი სახლისა და აშშ-ს ხაზინის წარმომადგენლებმა Bloomberg-თან კომენტარზე უარი განაცხადეს.

იმის მიუხედავად, რომ OFAC-ის ლიცენზია მკაცრი სანქციების დაწესებისთანავე გაიცა, აპრილის დასაწყისიდან აქტიურად განიხილება რუსეთის სუვერენული ვალის პოტენციური დეფოლტი. იმავე პერიოდში შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუბლოკა შესაძლებლობა, დოლარის ვალდებულებები გაყინული სავალუტო რეზერვებიდან გადაეხადა. მაშინ ხაზინის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ რუსეთმა გადახდებისთვის უნდა გამოიყენოს ის ვალუტა, რომელსაც შიდა რეზერვში ფლობს ან დეფოლტის მდგომარეობაში გადავიდეს.

ამ აკრძალვის ფონზე რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ „რუსეთი 2022“-ისა და „რუსეთი 2042“-ის ემისიები რუბლით გადაიხადა და ისინი ანგარიშსწორების ეროვნულ დეპოზიტარს გადაურიცხა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ რუბლით გადახდა რუსეთისთვის დეფოლტს ნიშნავდა. თუმცა 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გასვლამდე, ანუ 4 მაისამდე ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ 650 მლნ დოლარის ორი სუვერენული ევრობონდის ვადაგადაცილებული სესხი კუპონებითა და ძირი თანხის სახით დოლარში გადაიხადა, რითიც დეფოლტის საფრთხე დროებით აირიდა.

ამჟამად ყურადღება გადატანილია რუსეთის მომავალ გადახდაზე, რომელიც 27 მაისს უნდა დაიფაროს და 2016 წელს გამოშვებულ დოლარის ობლიგაციებზე, ასევე, 2021 წელს ევროში გამოშვებულ ობლიგაციებზე კუპონებით გადახდას ითვალისწინებს.

Reuters-ის შეფასებით, რუსეთის 40 მლრდ დოლარის საერთაშორისო ობლიგაციები ფინანსური დაპირისპირების ცენტრი გახდა დასავლეთის დედაქალაქებსა და მოსკოვს შორის მას შემდეგ, რაც დასავლეთმა უკრაინაში ომის გამო რუსეთს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა, ხოლო მოსკოვმა საპირისპირო ზომები მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ