„წარმოებას ვაორმაგებთ“ - როგორია წელს სატაცურის ფასი

„მოთხოვნა იმდენად დიდია, მოსავლის რაოდენობა 100%-ით გავზარდეთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სატაცურის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელმა ჯაბა გოგოლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ გასულ წელს „ოზაანის“ სატაცური მხოლოდ თბილისის სუპერმარკეტებში იყიდებოდა, წელს სხვა დიდ ქალაქებშიც ხელმისაწვდომი იქნება.

რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, როგორც ჯაბა გოგოლაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაიზარდა, ფასი არ შეცვლილა და 18-20 ლარამდე (1კგ) მერყეობს.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. ჯაბა გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 30 000 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ სატაცურის წარმოებასა და კოოპერატივის საქმიანობაზე, გასულ წელსაც წერდა, რა დროსაც „ოზაანმა“ 4 ტონამდე მოსავალი მიიღო.

„ახლა ისევ მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი, მაქსიმუმ ერთი თვე კიდევ გაგრძელდება. ზოგადად, სატაცურს ახასიათებს, რომ ყოველ მომდევო წელს უფრო კარგ მოსავალს იძლევა, თუმცა პლანტაციების რაოდენობა და ფართობი ისევ გავზარდეთ. უფრო კონკრეტულად, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ წარმოება 100%-მდე გავზარდეთ.

რაც შეეხება რეალიზაციას, აქამდე მხოლოდ თბილისს ვამარაგებდით, მაგრამ მოთხოვნა სხვა ქალაქებიდანაც წამოვიდა და წელს უკვე რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისშიც შედის ჩვენი პროდუქტი.

სატაცურის ღირებულება წელს არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი მოგვემატა, სუპერმარკეტებში პროდუქტის ფასი იგივეა, რაც შარშან, კილოგრამი 18-დან 20 ლარამდე მერყეობს“,- ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ კოოპერატივი სატაცურის გატანას ექსპორტზეც გეგმავს.

„ამ ეტაპზე იმდენი მოსავალი არ გვაქვს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ, მაგრამ პლანტაციების რაოდენობა იზრდება, წარმოებას ვაორმაგებთ და მას შემდეგ, რაც საქართველოს სრულად ავითვისებთ, შემდეგ უკვე ექსპორტზეც გავალთ“,- აცხადებს ჯაბა გოგოლაშვილი.

ნინი ქეთელაური