რინატ ახმეტოვის კომპანია პოლონეთს რუსული ქვანახშირის ჩანაცვლებაში დაეხმარება

უკრაინელი მილიარდერის, რინატ ახმეტოვის ენერგოჰოლდინგი, DTEK პოლონეთში ენერგორესურსების რეგულარული ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს. კომპანიამ 50 000 ტონა ქვანახშირის პირველი მოცულობა სატესტო ექსპორტზე უკვე გაიტანა. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაიანას“ DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დმიტრი სახარუკმა განუცხადა.

მის თქმით, ომით გამოწვეული მეტად რთული ლოგისტიკური პრობლემების მიუხედავად, პოლონეთში ნახშირის პირველი სატესტო გადაზიდვები განხორციელდა. სახარუკი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა როგორც უკრაინაში, ისე პოლონეთში საქონლის დიდი მოცულობის გადაადგილებისთვის გათვლილი არ არის, ისევე, როგორც პოლონეთის პორტები, გდანსკი და გდინია. სწორედ ამიტომ სატესტო მიწოდებები ჯერ მცირე მოცულობაზე მიმდინარეობს. სახარუკის თქმით, დიდი მოცულობის ექსპორტი შესაძლებელია, მხოლოდ ზღვით, მაგალითად, პორტ იუჟნიდან განხორციელდეს, რაც ჯერ ვერ მოხდება.

თუმცა კომპანია DTEK შესაძლებლობებს განიხილავს და პოლონეთისთვის ქვანახშირის მიწოდების გზების შემუშავებას განაგრძობს.

„პოლონეთისთვის სხვა წყაროებიდან ქვანახშირის მიღება გადამწყვეტია, რომ რუსეთიდან სანქციებით აკრძალული მიწოდება ჩაანაცვლოს. კარგი იქნება, თუ უკრაინა ხელს შეუწყობს პოლონეთს, რომელიც ჩვენ ძალიან გვეხმარება. ჩვენც ყველანაირად დავეხმარებით პოლონელებს, რომ რუსულ ნახშირზე უარის თქმის შედეგები გადავატანინოთ,“ - აცხადებს DTEK-ის აღმასრულებელი დირექტორი.

დმიტრი სახარუკის გათვლებით, ენერგოჰოლდინგს შეუძლია, თავისი თბოელექტროსადგურებისა და სხვა მომხმარებლების მომარაგების შემდეგ დარჩენილი ქვანახშირიდან პოლონეთში თვეში, დაახლოებით, 100-150 ათასი ტონის მოცულობა გაგზავნოს.

„მართალია, ეს პოლონური მარაგების სრულ დივერსიფიკაციას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ პოლონელი მეგობრების დახმარებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ,“ - ამბობს სახარუკი.

მისი თქმით, უკრაინული ქვანახშირი ხარისხობრივი მახასიათებლებით შესაფერისია და მთავარი საკითხი მხოლოდ პოლონეთისთვის მისი სწრაფი და შეუფერხებელი მიწოდების განსაზღვრაა. ამასთან, ტოპ მენეჯერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონელებისთვის, საზღვაო მიწოდებასთად შედარებით, რკინიგზა ყველაზე სწრაფი და ეკონომიური ალტერნატივაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ