საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის 5%-იანი მაჩვენებლის გადახედვას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გადახედვას გეგმავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მთავრობას 5%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ამის გადახედვა შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოუწევს.

"ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მაგალითებს გეტყვით: აზერბაიჯანმა სულ ახლახან გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკური ზრდა იქნება 1.5%. სომხეთის და მოლდოვას 0%, ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაქსიმუმი 1,2%-ია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. დაგეგმილი გვქონდა 5%-იანი ზრდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მოგვიწევს ამის გადახედვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა კონკრეტულად რა პროცენტული მაჩვენებლით შესაძლოა შემცირდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, არ დაუკონკრეტებია.