Marriott და Hilton რუსეთის საბოლოოდ დატოვებას განიხილავენ. Hyatt-მა აბრა ჩამოხსნა

მსხვილი სასტუმროების პრემიუმ-ბრენდები, Marriott და Hilton რუსეთიდან სრული გასვლის სცენარს განიხილავენ. ამის შესახებ „იზვესტიას“ რესტორატორთა და სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელმა, იგორ ბუხაროვმა განუცხადა, რომელიც ამ მოლაპარაკების დეტალებს იცნობს.

სასტუმრო ქსელების მუშაობის სავარაუდო შეწყვეტაზე ინფორმაცია, ასევე, უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Knight Frank-მა დაადასტურა. მანამდე რუსეთში სასტუმროების ოპერაციული მენეჯმენტის შეჩერების შესახებ განცხადება Hyatt-მაც გაავრცელა.

Marriott, რომელიც Sheraton-ის, Ritz-Carlton-ის, Renaissance-ისა და სხვა ბრენდებითაც ოპერირებს, Hilton-თან ერთად რუსეთის დატოვებას არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ვითარების, არამედ ტრეფიკის შემცირების გამო აპირებს. იგორ ბუხაროვის ცნობით, მარტში საასტუმროებს მკვეთრად შემცირდათ იმ უცხოელი სტუმრების ნაკადი, რომლებსაც ნომრის დღიურ მომსახურებაში 60-100 ათასი რუბლის (972-1605 დოლარის) გადახდა შეუძლიათ.

ბუხაროვი ამბობს, რომ პრემიუმ-ბრენდებმა, ასევე, ქვეყანაში შესაძლოა, თავიანთი დაჯავშნის გლობალური სისტემა დაბლოკონ, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ქსელის სასტუმროებში დამატებითი ბონუსები შეიძინონ და გამოიყენონ.

ბაზრის კიდევ ერთმა მთავარმა მოთამაშე Hyatt-მა რუსეთში სასტუმროების ოპერაციული მენეჯმენტი 14 მაისიდან შეაჩერა. Hyatt-მა მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროსთან თანამშრომლობა შეწყვიტა და სოჭის სასტუმროდან თავისი აბრა ჩამოხსნა. რუსეთში მუშაობის შეჩერებაზე განცხადება გაავრცელა, ასევე, ქსელმა, Accor-მა, რომელიც Novotel-ის, Ibis-ის, Mercure-ის, Rixos-ის, Pullman-ის, Swissotel-ის, Movenpick-ისა და Sofitel-ის ბრენდებით ოპერირებს.

Hyatt-ის, Marriott-ისა და Hilton-ის სასტუმროები რუსეთში 20 წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდნენ.

იგორ ბუხაროვის ცნობით, სასტუმროები განლაგებულია შენობებში, რომლებიც ქსელებს არ ეკუთვნით. ადგილობრივი ინვესტორები უძრავ ქონებაში ინვესტიციას იმ იმედით დებდნენ, რომ გარკვეული ბრენდების მუშაობით სარგებელს მიიღებდნენ. მაგალითად, Ivashkevich Hospitality-ის მონაცემებით, მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ზოგიერთი შენობა Lyusina-ს, VTB-სა და სხვა სტრუქტურებს ეკუთვნით.

ბუხაროვი ვარაუდობს, რომ თუ უცხოურმა სასტუმროებმა რუსეთი საბოლოოდ დატოვეს, მფლობელებმა თავიანთი შენობები შესაძლოა, ანალოგიური ბრენდების ქვეშ გამოიყენონ, ანუ ბიზნესი უკვე ნაცნობი სახელების გამოყენებით გადატვირთონ. როგორც ცნობილია, ახლახან რუსეთში პარალელური იმპორტი და სავალდებულო ლიცენზირება დაკანონდა.

თუმცა, ექსპერტი მოელის, რომ ასეთ შემთხვევაში, მსხვილი სასტუმროების პრემიუმ-ბრენდები სასამართლოს მიმართავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ