ევროპაში ყველაზე მაღალი, სტამბოლის კოშკი გახსნიდან ერთ წელიწადში 560 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა

სტამბოლის ჩამლიჯას კოშკი (Çamlıca Tower) მისი გახსნიდან, ანუ 2021 წლის 21 მაისიდან დღემდე 560 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ ყარაისმაილოღლუმ განაცხადა, რასაც Hürriyet ავრცელებს.

უსკუდარის რაიონში მდებარე ბორცვზე აღმართული მაღალტექნოლოგიური საკომუნიკაციო კოშკი, რომელიც სტამბოლს გადაჰყურებს, ერთდროულად 100 FM რადიოარხის გადაცემის რესურსს იძლევა. მედიამაუწყებლობის სერვისების გარდა, ანძა უკაბელო ტელეკომუნიკაციის ოპერატორებს ინფრასტრუქტურულ მომსახურებას უწევს.

ჩამლიჯას კოშკი გასულ წელს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა და მას მერე ის სტამბოლის ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა. კოშკი ზღვის დონიდან 587 მეტრი სიმაღლისაა და 49 სართულისგან შედგება. აქედან ოთხი სართული მიწის ქვეშ, 45 კი მიწის ზემოთ არის განლაგებული.

სუვენირებისა და სხვა მაღაზიებით, ასევე, კაფეტერიითა და გადასახედი ტერასებით ჩამლიჯას კოშკი სტამბოლის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს. ამის შესახებ ადილ ყარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ეს ევროპაში ყველაზე მაღალი კოშკია.

მინისტრის თქმით, ჩამლიჯას კოშკი უკვე გახდა სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ტურისტული ადგილი, რომელიც როგორც ქალაქის მცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს იზიდავს. ყარაისმაილოღლუს მონაცემებით, იდ ალ ფიტრის (Eid al-Fitr) დღესასწაულზე, რომლითაც ისლამური წმიდა თვის, რამადანის დასასრული აღინიშნება, კოშკს 19 176 ადამიანი ეწვია.

ჩამლიჯას კოშკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კოშკს ყოველწლიურად 4,5 მილიონი ვიზიტორის მიღება შეუძლია.

ზრდასრული უცხოელი ვიზიტორებისთვის კოშკის ბილეთი 200 ლირა (12 დოლარი), ხოლო ვიზიტის სპეციალური, ანუ Fastrack ბილეთი, რომელიც უცხოელი სტუმრებისთვის ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს, 300 ლირა (18 დოლარი) ღირს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ