ევროობლიგაციების უცხოელი მფლობელები 1,9 მლნ დოლარის გადაუხდელობის გამო რუსეთისთვის დეფოლტის გამოცხადებას მოითხოვენ

ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკრედიტო დერივატივების განსაზღვრის კომიტეტმა (CDDS EMEA) რუსეთის სახელმწიფო ვალზე „გადაუხდელობის“ აღიარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ კომიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კომიტეტი ამ საკითხზე მსჯელობას 6 ივნისს მიუბრუნდება.

მაისში ევროობლიგაციების უცხოელმა მფლობელებმა „რუსეთ-2022“-ის ობლიგაციებზე დეფოლტი მოითხოვეს, რადგან რუსეთმა მათ დამატებითი საპროცენტო გადასახადი არ გადაუხადა, რომელიც 1,9 მლნ დოლარს შეადგენს. ინვესტორები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთმა ევროობლიგაციები დროულად, ანუ დადგენილ ვადაში კი არა, საშეღავათო პერიოდში გამოისყიდა. ობლიგაციების დოკუმენტების მიხედვით, მფლობელებს ვადაგადაცილებისთვის დამატებითი საპროცენტო გადასახადი უნდა მიეღოთ, მაგრამ რუსეთმა, ინვესტორების მოთხოვნის მიუხედავად, ეს თანხა თავის გადახდაში არ შეიტანა და მათთვის არ გადაურიცხავს. სწორედ ამიტომ ევროობლიგაციების უცხოელი მფლობელები დეფოლტის გამოცხადებას მოითხოვენ.

აპრილის დასაწყისში ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს „რუსეთ-2022“-ისა და „რუსეთ-2042“-ის ევროობლიგაციების გასტუმრებაზე პრობლემები შეექმნა. პირველ ემისიაზე ფინანსთა სამინისტროს 552,4 მლნ დოლარის, მეორეზე კი 84 მლნ დოლარის გადახდა უწევდა, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ ბანკ JPMorgan-ს რუსული გადახდების დამუშავება აუკრძალა. პირობების თანახმად, რუსეთს 30 დღე რჩებოდა, რის შემდეგაც დოლარში გადაუხდელობის შემთხვევაში დეფოლტი გამოცხადდებოდა.

6 აპრილს რუსეთმა განაცხადა, რომ 650 მლნ დოლარის ობლიგაციებზე პროცენტი რუბლებში გადაიხადა და თანხა ეროვნულ საანგარიშსწორებო დეპოზიტარს გადაურიცხა. ეს თანხა, უწყების მითითებით, „არამეგობრული“ ქვეყნების უცხოელ ინვესტორებს „C“ ტიპის ანგარიშებზე უნდა ჩარიცხვოდათ, საიდანაც ისინი ფულის გამოტანას ვერ შეძლებდნენ. ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 23 დღის შემდეგ, ანუ 29 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთმა პროცენტის გადახდა ემისიის ვალუტაში, ანუ დოლარში მოახერხა.

როგორც ცნობილია, მაისის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა გენერალური ლიცენზიის განახლებაზე, რომელიც რუსეთს საგარეო ვალის მომსახურების უფლებას აძლევდა. ამის საპასუხოდ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გააგრძელებს სახელმწიფო ობლიგაციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუმცა გადახდებს რუბლებში განახორციელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ