ჯაბა სამუშია: რეკლამისთვის გამოყოფილი თანხა ოთხჯერაა შემცირებული

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, 2012 წელს რეკლამის ხარჯმა 2 მილიონს გადააჭარბა.

ჯაბა სამუშიამ თბილისის საკრებულოში დღეს კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ირაკლი აბესაძისა და სევდია უგრეხელიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ნაცვლად, თბილისის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება და ადმინისტრაციული ხარჯები გაბერილია. სევდია უგრეხელიძის თქმით, თბილისის მერია სარეკლამო დროის შესაძენად საკრებულოსგან 580 000 ათას ლარის დამტკიცებას ითხოვს.

როგორც სამუშიამ ჟურნალისტებს განუმარტა, თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებულია თანხები მედიაში სოციალური თუ სხვა სახის რეკლამის განსათავსებლად, კერძოდ, მერიის საქმიანობის საზოგადოებისთვის გასაცნობად. ჯაბა სამუშიას განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2012 წელს, სატელევიზიო რეკლამისას დაიხარჯა 1 მილიონ 900 ათასი ლარი. ბეჭდურ მედიაში რეკლამისათვის 44 ათასი ლარი, ხოლო ტრანსლაციებისათვის 83 ათასი ლარი. სამუშიამ განმარტა, რომ ეს თანხები ოთხჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც თბილისის მერია სარეკლამო დროის შესყიდვისათვის ითხოვს. ამდენად, ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა კრიტიკას ვერ მიიღებს და თითოეული შესყიდვა ბიუჯეტით არის გაწერილი. ჯაბა სამუშია ასევე მიიჩნევს, რომ არსებული ბიუჯეტი ყველაზე გამჭვირვალეა.