ოთარ დანელია გერმანული კომპანია HIPP-ის აქციონერს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ის აქციონერს, შტაფან ჰიპპის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე, რომელთა მიზანიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდის და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ახალ სამთავრობო პროექტზე "დანერგე მომავალი", რომლის მიზანიც საქართველოში მრავალწლიანი კულტურების ინტენსიური ბაღების გაშენებაა.

როგორც შეხვედრაზე შტაფან ჰიპპიმ განაცხადა, კომპანიამ ის პოტენციალი შეისწავლა, რომელიც საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის წარმოების თვალსაზრისით არსებობს და სურვილი აქვს საკუთარი წარმოების არეალი და მასშტაბი გაზარდოს. "მოსამზადებელ ეტაპზეა დასავლეთ საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის შემნახელი მეურნეობის პროექტი. HIPP-ი ასევე დაინტერესებულია კახეთის რეგიონში, კერძოდ სიღნაღში, ხილისა და ბოსტნეულის პირველად და გადამამუშავებელ წარმოებაში ორ მილიონ ევრომდე ინვესტიცია განახორციელოს", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი უკვე რამდენიმე წელია წარმატებულ საქმიანობას ეწევა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ხაშურში კომპანია ხილის კონცენტრატის გადამამუშავებელ საწარმოს ამუშავებს.