ბიტკოინის 7 ყველაზე მკვეთრი გაუფასურება ისტორიაში

2021 წლის ნოემბერში ბიტკოინის ფასმა თითქმის 68,000 დოლარს მიაღწია. მას შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი თვეებია, მცირდება. კრიტიკული წერტილი „ციფრული ოქროსთვის“ რუსეთ-უკრაინის ომი, მისი გვერდითი ეფექტები და მაღალ ინლფაციასთან საბრძოლველად ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო, რამაც ბიტკოინის ფასი ნოემბრის პიკთან შედარებით, თითქმის 70%-ით, 20,000 დოლარამდე შეამცირა.

მართალია, ბიტკონის ფასი დრამატულად მცირდება, თუმცა ეს პირველად არ ხდება, კრიპტოვალუტის ისტორიაში მსგავსი გაუფასურებები ხშირად ყოფილა. ბევრი ექსპერტის აზრით, ფასის კლება/ზრდას ერთგვარი სეზონურობაც ახასიათებდა და როგორც წესი, აქამდე ბიტკოინი დაბრუნებას ახერხებდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ბიტკოინის ფასის ყველაზე მკვეთრი ვარდნების ჩამონათვალს მისი არსებობის ისტორიაში (Yahoo Finance-ის მიხედვით):

2011 წლის ივნისი: -99%

2011 წელს ბიტკოინის ფასი 2 დოლარიდან 32 დოლარამდე გაიზარდა. 19 ივნისს მაშინდელმა ყველაზე მსხვილმა ბიტკოინის სავაჭრო ბირჟამ, Mt. Gox-მა გამოაცხადა, რომ კრიმინალებმა ასობით ადამიანის ანგარიში გატეხეს და მილიონობით დოლარის ბიტკოინი მოიპარეს. ერთ დღეში კრიპტოვალუტის ფასი 1 პენამდე შემცირდა.

2012 წლის აგვისტო: -56%

2012 წლიდან საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ციფრულ ერაში კლასიკურმა ფინანსურმა პირამიდებმაც იცვალა ელფერი და თაღლითური სქემები თვეების განმავლობაში უკრავდნენ თვალს ინვესტორებს. მაშინ დამნაშავემ, რომელიც ინვესტორებს 7%-იან ყოველკვირეულ მოგებას პირდებოდა, ბიტკოინის 700 000 მონეტა მოიპარა.

2013 წლის აპრილი: -83%

2013 წელს ბიტკოინი საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. ინვესტორები კრიპტოში ახალ შესაძლებლობას ხედავდნენ და მედიის მთავარი თემაც სწორედ ეს იყო. აპრილში ვაჭრობა იმდენად ინტენსიური გახდა, რომ Mt. Gox-ის სავაჭრო პლატფორმამ დატვირთვას ვეღარ გაუძლო და როდესაც ჩამოიშალა, მას ჰაკერები დაესხნენ თავს. პლატფორმა გამოირთო, ბიტკოინის ფასი კი 260 დოლარიდან 50 დოლარამდე შემცირდა.

2013 წლის დეკემბერი: -50%

ჩინეთის მიერ ბიტკოინის აკრძალვამ 2013 წლის ბოლოს მისი 50%-ით გაუფასურება გამოიწვია ერთ ღამეში. ქვეყნის ციფრულ ვალუტასთან ურთიერთობა დღესაც ტურბულენტურია და კრიპტოსექტორზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს.

2017 წლის დეკემბერი - 2018 წლის დეკემბერი: -84%

2017 წელი ბიტკოინისთვის რეკორდული იყო, ვალუტის ფასმა თითქმის 20,000 დოლარს მიაღწია. ინვესტორებმაც მოსავალი აიღეს და ფასის ზრდით ისარგებლეს, თუმცა ფინანსური ბუშტი მალევე გასკდა და ფასიც 12,000 დოლარამდე დაეცა. ვალუტის გაიაფება 2018 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა, რისი მიზეზიც სამხრეთ კორეაში და იაპონიაში ჰაკერული თავდასხმები, ასევე მოლოდინები იყო, რომ ქვეყნები ამ სფეროს რეგულირებას დაიწყებდნენ. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად უბიძგა ინვესტორებს აქტივების გაყიდვისკენ.

2020 წლის მარტი: -50%

2020 წელს პანდემიამ არც ბიტკოინი დაზოგა. ციფრული ვალუტა 50%-ით გაუფასურდა და მისი ფასი 1 თვეში 10,000 დოლარიდან 4,000 დოლარამდე დაეცა.

2021 წლის მაისი: -53%

გასული წლის აპრილში ბიტკოინის ფასი რეკორდულ 64,000 დოლარამდე გაიზარდა და საინვესტიციო სამყაროში მთავარ სალაპარაკო თემად იქცა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე ვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონით შემცირდა, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: თავდაპირველად, ილონ მასკმა გადათქვა დაპირება, რომ ბიტკოინის გამოყენება „ტესლას” ავტომობილების შესაძენად იქნებოდა შესაძლებელი, შემდეგ ჩინეთმა დააანონსა კრიპტოს კიდევ უფრო შეზღუდვა, საბოლოოდ კი საზოგადოებამ გარემოზე მაინინგის ზემოქმედების შესახებ გაიგო.

კახი ჩაკვეტაძე