მცირე და საშუალო ბიზნესი ურთულეს ვითარებაშია

”მარტო ოფისის გადასახადი 500-600 ლარით გაგვეზარდა”

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან ეს სექტორი სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის შემცირების უმთავრესი წყაროა.

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ცნობილია, რომ მეზობელ სომხეთში მცირე და საშუალო საწარმოები მთლიანი შიდა პროდუქტის 42%-ს ქმნიან, ხოლო ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წილი მშპ-ის 60 პროცენტს შეადგენს. ბოლო თვეებში საქართველოში მიმდინარე პროცესებმა, კერძოდ, ლარის გაუფასურებამ, ყველაზე მეტად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოფისის გადასახადი 500-600 ლარით გაგვეზარდა”, -  განაცხადა რამდენიმე მეწარმემ bpn.ge-სთან საუბრისას. შემოსავლის შემცირებას უჩივიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც.

"მართალია, პროდუქციას დოლარით არ ვყიდულობთ, მაგრამ ჩვენს შემოსავლებზე პირდაპირ აისახება ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც. ბოლო თვეებში თითქმის შეჩერდა რეალიზაცია, არავინ არაფერს ყიდულობს. რაც ადრე გვქონდა ნავაჭრი, ზოგჯერ იმის მესამედიც არა გვაქვს ხოლმე. თაფლი ჩვენთან ისედაც ძვირი ღირს და კიდევ რომ გავაძვიროთ, მაშინ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ამ საქმეზე", - აცხადებს როლანდ ზირაქიშვილი, შპს ”მეთაფლიას” დამფუძნებელი. მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს ყველაზე მძიმე ტვირთად ოფისის ქირა აწევს, რომელსაც უმეტესობა უცხოური ვალუტით იხდის.  "5-6 ობიექტი გვაქვს დაქირავებული, თან კრედიტებიც გვაქვს აღებული. ერთი მეწარმე დამისახელეთ, რომელსაც ბანკიდან 2-3 სახეობის კრედიტი არა აქვს გამოტანილი, ზოგს ბიზნესის გაფართოების მიზნით, ზოგს - პროდუქციის შესასყიდად, ზოგსაც - სხვა მიზნებისთვის. თუ ასე გაგრძელდება, იძულებული გავხდებით, ჩვენი ობიექტები დავცალოთ და ამ საქმეზე უარი ვთქვათ, რადგან ზარალზე არავინ იმუშავებს. მართალია, პროდუქციის შესყიდვა უცხოური ვალუტით არ გვიწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ლარის დევალვაციის გამო სერიოზულად დავზარალდით", - ამბობს როლანდ ზირაქიშვილი.

შპს ”ილორის” დირექტორის ირაკლი თორიას განცხადებით, ამ სიტუაციაში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე თითქმის არავინ ფიქრობს. შესაბამისად, ამ ბიზნესის წარმომადგენლებიც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. "ლარის გაუფასურებამ ჩვენს საქმეზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. იძულებული გავხდით ფასები გაგვეზარდა, რის გამოც კლიენტურა შეგვიმცირდა. ჯერჯერობით პროდუქცია 5-6 პროცენტით გავაძვირეთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ფასების კიდევ გაზრდა მოგვიწევს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხალხი რემონტისთვის ვეღარ იცლის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ბევრმა სამომავლოდ გადადო", - აცხადებს ირაკლი თორია.

იმპორტიორთა პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას კომპანია ”ჯეოლუქსის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანზორ კალანდაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებით იმპორტიორი კომპანიები განსაკუთრებით დაზარალდნენ.  "წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია უცხოეთიდან შემოგვაქვს. ლარის გაუფასურებით იმპორტიორი კომპანიები განსაკუთრებით დაზარლდნენ, რადგან პროდუქციას დოლარში ვყიდულობთ. ამიტომ, თუ ადრე 20 ათასი ლარი მჭირდებოდა საქონლის ჩამოსატანად, ახლა უკვე 24-25 ათასი ლარი მჭირდება. მოიკლო მოგების მარჟამაც. ბევრ რამეს უკვე თავის ფასში ვყიდით, რის გამოც თანხა არ გვრჩება, რომ ახალ-ახალი პროდუქცია შემოვიტანოთ", - აცხადებს ანზორ კალანდაძე.

ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ საკვები ობიექტებისა და გასართობი დაწესებულებების ხელმძღვანელებიც: რესტორან ”ალავერდის” დირექტორის ელისო ქავთარაძის თქმით, თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, რესტორნის ხელმძღვანელობა იძულებული იქნება მენიუ გააძვიროს. "ფასები გაიზარდა და ეს ჩვენს ჯიბეზეც პირდაპირ აისახა. ვყიდულობთ გაძვირებულ სურსათს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს მენიუს ვერ ვაძვირებთ, რომ ისედაც მცირე რაოდენობის მომხმარებელი არ დავკარგოთ. თუმცა, სულ მალე მოგვიწევს რაღაც-რაღაცების გაძვირება. ბევრმა რესტორანმა უკვე გააძვირა მენიუც და მომსახურებაც. თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ჩვენც უნდა გავაძვიროთ იმიტომ, რომ სხვაგვარად ჩვენს მუშაობას აზრი ეკარგება", - განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას ელისო ქავთარაძემ.

გასართობი და სადღესასწაულო ცენტრის ”ნევერლენდის” დამფუძნებელი გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიურმა პროცესებმა თითოეულ ადამიანზე იმოქმედა, განსაკუთრებით კი - მცირე და საშუალო ბიზნესზე."ლარის კურსის მერყეობა ჩვენს ბიზნესზეც უარყოფითად აისახება. პროდუქტის შეძენისას ყველაფერში უფრო მეტი თანხის გადახდა გვიწევს - ოფისითა და დარბაზების ქირით დაწყებული, სურსათით დამთავრებული, მით უმეტეს, რომ ყველაფერი თანდათან ძვირდება. ამას ემატება კრედიტი, რომლის გარეშეც საქართველოში ბიზნესის კეთება საკმაოდ რთულია. პარალელურად, ჩვენმა მოგებამაც იკლო და ნელ-ნელა საქმიანობა შეუძლებელი ხდება. მით უმეტეს, გასართობი და სადღესასწაულო ცენტრები ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი ადრეც არ იყო. ეს პროცესი დროულად უნდა შეჩერდეს, თორემ უკეთესობისაკენ არ წაგვიყვანს და მარტო ჩვენს საქმიანობას კი არა, თითოეულ ადამიანს შეეხება", - აღნიშნა გიორგი გოგუაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე