Tesla-ს სამ თვეში თანამშრომლების 10%-ს შეამცირებს

Tesla-ს თანამშრომლების შტატი სამი თვის განმავლობაში 10%-ით შემცირდება. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ამასთან, მასკის თქმით, საათობრივი თანამშრომლების წილის ზრდის გამო კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა მხოლოდ 3-3,5%-ით შემცირდება. მასკი ამბობს, რომ კომპანია „შრომითი ანაზღაურების მხრივ მეტად სწრაფად იზრდეობდა.“ Bloomberg-ის მონაცემებით, Tesla-ს ამჟამად მსოფლიოში 100 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ახალი ქარხნების მშენებლობის გამო მუშახელი სწრაფად იზრდება ბერლინსა და ტეხასისი შტატის ქალაქ ოსტინში, სადაც, ასევე, კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს.

Bloomberg წერს, რომ შემცირება ჯერ მხოლოდ კადრების განყოფილებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს შეეხო, რამაც ბევრი თანამშრომელი გააკვირვა: რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. ოსტინის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა, ნევადის შტატის ქალაქ რინოს მახლობლად მდებარე Tesla-ს აკუმულატორული ბატარეის ქარხნის ორი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ კომპანიამ გათავისუფლების შესახებ 60 დღით ადრე არ გააფრთხილა, რასაც კანონი ითვალისწინებს. სააგენტოსთან ინტერვიუს დროს მასკმა განაცხადა, რომ ამ სარჩელს „არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს.“

ივნისის დასაწყისში მასკმა Tesla-ს ტოპ მენეჯერებს დისტანციური სამუშაოდან ოფისში დაბრუნება ან სამსახურის დატოვება მოთხოვა. მილიარდერის თქმით, მენეჯერებმა სამუშაო ადგილზე კვირაში, მინიმუმ, 40 საათი უნდა გაატარონ.

ახლახან ილონ მასკმა გამაფრთიხლებელი განცხადება გაავრცელა, რომ ეკონომიკაში „ცუდი მოლოდინების“ გამო Tesla-ს თანამშრომლების 10%-ის შემცირება მოუწევდა. მილიარდერი ავტომწარმოებლებისთვის რეცესიასა და დომინოს ეფექტს მოელის. მეორეს მხრივ, მასკი მიიჩნევს, რომ რეცესია „კარგი მოვლენაა, რადგან მეტად დიდი ხანია, ფული სისულელეებზე იღვრება, ამიტომ გარკვეული გაკოტრებები აუცილებელია.“

ამ შეფასებების ფონზე ილონ მასკის ქონება 17 მლრდ დოლარით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ