ექსპერტების აზრით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს DCFTA-ს ცალმხრივად შეჩერება უნდა მოსთხოვოს

ევროკავშირის საკითხთა ექსპერტ ლევან ბოძაშვილისა და ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ კაპანაძის აზრით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს DCFTA-ს ცალმხრივად შეჩერება უნდა მოსთხოვოს.

ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ არსებულ ფისკალურ კრიზისზე ამ ეტაპისთვის გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო ნაწილით გამოწვეული ვალდებულებები, რომელიც ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფის მოხსნას გულისხმობს, რაც მაგალითად, მხოლოდ ავტოტრანსპორტზე ბიუჯეტისთვის წლიურ 10 მილიონ ლარამდე დანაკარგს შეადგენს.  "10 მილიონი მხოლოდ ავტოტრანსპორტზე მცირე ნაწილია მთლიანი დანაკარგის, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში მხოლოდ ავტოტრანსპორტის იმპორტი არ ხდება. არსებული კრიზისის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა ცდილობს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი სესხი აიღოს, ის აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში არ ჰქონდეს ისეთი დანაკარგები, რომელთა მიღება სავსებით შესაძლებელია. ევროკავშირიდან იმპორტს მიახლოებითაც კი ვერ აბალანსებს საქართველოდან ექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ბიუჯეტი განიცდის დანაკარგს, ვინაიდან ვერ იღებს შემოსავალს, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკასაც არანაირი სარგებელი არ აქვს, ვინაიდან ექსპორტის მოცულობა ძალიან მცირეა. ანუ ქვეყნისათვის ორმაგად წამგებიანი მდგომარეობაა", - მიიჩნევენ ექსპერტები.

ლევან ბოძაშვილისა და ნოდარ კაპანაძის აზრით, 26 თებერვალს, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტისას საქართველომ ევროკავშირს უნდა მოსთხოვოს ევროკავშირის მხრიდან ასოცირების დროებით ამოქმედებაში მყოფი ნაწილის ცალმხრივად, წლის ბოლომდე დროებით შეჩერება, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა უკრაინის მიმართ. "შეჩერება არ დააზარალებს ქართულ მწარმოებლებს, რომელთაც უკვე გააქვთ საქონელი ექსპორტზე ევროკავშირში და რომლის ოდენობა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 21%-ითაა გაზრდილი. სამაგიეროდ, ევროპიდან შემოსული იმპორტი კვლავ დაექვემდებარება საბაჟო გადასახადს, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, რაც ასე მნიშვნელოვანია არსებულ კრიზისულ სიტუაციაში. პროცედურულად ეს შესაძლებელია და ევროკავშირის მხრიდანაც არ იქნება დიდი წინააღმდეგობა, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ დათმობას ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეხვდება", - აცხადებენ ლევან ბოძაშვილი და ნოდარ კაპანაძე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო, ვიდრე ხელმოწერა მოხდებოდა, მათ შორის სასაქონლო კვოტების მოქმედების ვადების შემცირებასა და ე.წ. "შესვლის ფასთან" მიმართებით.