ოთარ შამუგია - პროექტები, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანი სტიმულია ფერმერებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ახალგაშენებულ ბაღში იმყოფებოდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, კომპანიამ „აგრონატურალი“, 2018 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 4 ჰა-ზე ბლისა და 1 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისა და ჭაბურღილის მოწყობისათვის თანადაფინანსება 57,000 ლარი მიიღო.

მათივე განმარტებით, კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტითაც სარგებლობს. სესხის 11% პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. ბაღში 8 ადამიანია დასაქმებული.

„პროექტები, რომელსაც ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანი სტიმულია ფერმერებისთვის ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. ფერმერებს, რომლებსაც შევხვდით, სწორედ სახელმწიფო პროექტებმა მისცა სტიმული, რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიცია განეხორციელებინათ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, მინისტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისშიც იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი ფერმა დაათვალიერა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მესაქონლეობის ფერმა 2016 წელს ამოქმედდა. კომპანიამ „ნიბა 2008“ მესაქონლეობის ფერმის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია 2016 წლიდან სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით, სესხის 11%-ს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. ფერმაში, სადაც დღიურად 2 ტონა რძე იწარმოება, 6 ადამიანია დასაქმებული. მესაქონლეობის ფერმა ნედლეულით რძის გადამამუშავებელ ადგილობრივ საწარმოს ამარაგებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ფერმერებთან რეგულარული შეხვედრები იმართება მათი საჭიროებების გასაცნობად; აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით ხდება სწორედ სახელმწიფო პროექტების შემუშავება.