„ჯერ არაფერი დაკარგული არ არის“ - სარგებელი, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოუტანს

“რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დაკარგული არ არის და ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომაც, ევროკომისიამ შეთავაზება გაუკეთა საქართველოს, ეს არის ევროპული პერსპექტივა, უნდა, რომ დაგვეხმაროს და მოგვცა ეს 12-პუნქტიანი გეგმა“,- ამის შესახებ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, „აისეტისა“ და პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტმა მკვლევარმა, გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა განაცხადა.

ელგუჯა ხოკრიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ იმ პერსპექტვებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოუტანს.

“რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დაკარგული არ არის და ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომაც, ევროკომისიამ შეთავაზება გაუკეთა საქართველოს, ეს არის ევროპული პერსპექტივა, უნდა, რომ დაგვეხმაროს და მოგვცა ეს 12-პუნქტიანი გეგმა. გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დამტკიცდა 2 წლის წინ, მოიცავს 2021-2027 წელს, ეს არის დაახლოებით, 14 მლრდ ევრომდე თანხა, რომელზეც წვდომა აქვს კანდიდატის სტატუსის მქონდე ქვეყნებს (და ასევე, წვდომა ექნება ე.წ პოტენციური კანდიდატის სტატუსის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს). ერთი განსხვავებით, ეს გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტი, 5 თემატურ მიმართულებას მოიცავს, ეს არის: ინსტიტუციონალური მშენებლობა და ადმინისტრაციული შესაძლებლობის გაძლიერება, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ადამიანური რესურსები, ასევე რეგიონების განვითარება, სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება. აქ მთავარია ის, რომ პოტენციური კანდიდატის სტატუსის ქვეყნებს მხოლოდ 2 კომპონენტზე ექნებათ წვდომა. ეს არის ინსტიტუციონალური მშენებლობა და ადმინისტრაციული შესაძლელობები, ასევე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ანუ გაწვრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის დიზაინი ფაქტობრივად, კოპირებს ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებს. შესაბამისად, ამის უკანაც ის იდეა დგას, რომ კანდიდატის სტატუსის ქვეყნები ავარჯიშოს, შემდეგ უკვე ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებთან მუშაობაზე. როგორ ხდება თანხის მიღება, შემდეგ მისი მენეჯმენტი და ა.შ. ანუ კანდიდატის სტატუსის ქვეყნებისთვის, ამ გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე წვდომის გარდა, გათვალისწინებულია დეცენტრალიზებული მართვის კომპონენტიც. ფაქტობრივად, 80% იქნება დამოუკიდებელი მმართველობისთვის. ანუ ქვეყანას აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ეს თანხა თვითონ მიიღოს და დაამენეჯმენტოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - გარდა იმისა, რომ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტი მოიცავს ამ 14 მილიარდს, როდესაც ის დამტკიცდა, მას მიღება ე.წ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც 2021-2027 წლის პერიოდს მოიცავს და ეს იძლევა საშუალებას, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან ერთად მოხდეს დაახლოებით, 30 მლრდ ევროს მობილიზება. აქედან დაახლოებით, 9 მლრდ არის გრანტის სახით, დანარჩენი იქნება ინვესტიციები. ეს ინვესტიციები განკუთვნილი იქნება, სუფთა ენერგიის, გარემოს, ციფრული ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის განვითარებისთვის. ანუ, ძალიან დიდ შესაძლებლობაზეა საუბარი.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევით (რომელიც გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტს და ამ პროგრამებს შეეხება და დასავლეთ ბალკანეთის მაგალითზე გაკეთდა) დაახლოებით ჯამში 7%-იანი დამატებითი ეკონომიკური ზრდის გენერირების შესაძლებლობა არსებობს. პლუს, დამატებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რაც გულისხმობს, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკური სტრუქტურის სრული ინტეგრირება მოხდება ევროპულ ბაზართან. ეს რა თქმა უნდა, ძირითად შესაძლებლობებს ზრდის. გარდა მისა, ამას ემატება პრეევროკავშირის პროგრამები. ჩვენ როგორც ასოცირებული წევრი გარკვეულ პროგრამებში ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ჯამში არის 11 პროგრამა, რომელზეც ჯერჯერობით არ მიგვიწვდება ხელი. თუმცა, კანდიდატის სტატუსით უკვე შესაძლებლობა იქნება ამ პროგრამების მონაწილე გავხდეთ. ერთი სიტყვით, ძალიან დიდ შესაძლებლობებზე, თითოეული მოქალაქისთვის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა საუბარი“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ნინი ქეთელაური