დეფოლტის რიჟიმი თუ მოსკოვის ახალი სქემა?! - პუტინის ხელმოწერიდან მეორე დღესვე რუსეთმა საგარეო ვალი რუბლებში გადაიხადა

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ ხუთშაბთს დოლარში დენომინირებულ ორ ევროობლიგაციაზე თავისი ვალდებულება „სრულად შეასრულა“ და 234,5 მლნ დოლარის ვალი 12,51 მლრდ რუბლის კუპონით გადაიხადა, რაც ეროვნულ საანგარიშსწორებო დეპოზიტარს (NSD) გადაურიცხა. სამინისტროს განცხადებით, გადახდები 2027 და 2047 წლებში დასაფარ ევროობლიგაციებს შეეხება.

„ამგვარად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მომსახურების ვალდებულება რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ სრულად შეასრულა,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რასაც Reuters ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვის თქმით, საგარეო ვალის უცხოურ ვალუტაში გადაუხდელობა დეფოლტს არ ნიშნავს.

წინა დღეს, ოთხშაბათს, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დროებითი პროცედურების დაწესების შესახებ, რომელიც რუსეთის საგარეო ვალის ვალდებულებების რუბლებით შესრულებას გულისხმობს. სამინისტრო აცხადებს, რომ პუტინის ბრძანებულებით დადგენილ პროცედურაზე გადადის, რომლის მიხედვითაც თანხები NSD-ს რუბლებში გადაერიცხება, ვიდრე ობლიგაციების მფლობელთა სამ ჯგუფზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც თითოეული ინვესტორისთვის დამოკიდებული იქნება გავრცელებული სანქციების ოდენობაზე.

ევროობლიგაციების მფლობელები, რომელთა საკუთრების უფლებაც რუსეთის ფინანსურ სისტემაში შედის, რუბლებში გადაიხდიან, რაც ინვესტორებისთვის NSD-ში, რუბლის სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება, რადგან მოსკოვის მიმართ დაწესებული სანქციების გამო ინვესტორების შენატანებზე თანხა პირდაპირ ვერ დაჯდება.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მკაცრი შესრულების უზრუნველსაყოფად, NSD-ის რუბლის ანგარიშიდან თანხები ინდექსირებული იქნება ნომინალური ვალუტის მიმდინარე საბაზრო კურსით მფლობელებთან ფაქტობრივი ანგარიშსწორების მომენტამდე,“ - აცხადებენ სამინისტროში.

ამ სქემით, ინვესტორებს თანხის მისაღებად რუბლის ანგარიშის გახსნა დასჭირდებათ.

„ამ სამი ჯგუფიდან ევროობლიგაციების თითოეულ მფლობელებს უფლება ექნება, თანხა რუბლში მათი შეხედულებისამებრ განკარგოს, მათ შორის, ნომინირებულ უცხოურ ან სხვა ვალუტაში დააკონვერტიროს,“ - აცხადებენ სამინისტროში.

Reuters-ის კითხვაზე, მისცემს თუ არა ახალი სქემა რუსეთს იმის მტკიცების საშუალებას, რომ დეფოლტი არ დამდგარა, სილუანოვმა უპასუხა, რომ რუსეთს ბიუჯეტში საკმარისი სახსრები აქვს და „ხელოვნური დეფოლტი“ ვერ დადგება, თუმცა „დასავლეთში ყველა მაინც იმას იტყვის, რისი თქმაც სურს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ