გიორგი კვირიკაშვილი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის მიერ დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს და მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. სამუშაო შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, მიხეილ ჯანელიძე და ირმა ქავთარაძეც ესწრებოდნენ.

"სავალუტო ფონდის მისიასთან ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე, განვიხილეთ ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ სავალუტო დისბალანსი დაბალანსდეს და სტაბილიზაციისკენ წავიდეს ეროვნული ვალუტის კურსი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც მოკლევადიანი, ისე საშუალოვადიანი ღონისძიებები, ასევე კონკრეტული ნაბიჯები პრივატიზებისა და ტურიზმის მიმართულებით. ასევე, განვიხილეთ ინვესტიციების წახალისების საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ცოტა ხანში გაჟღერდება. ვისაუბრეთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებაც. იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ველოდოთ ნამდვილად სიტუაციის დასტაბილურებას, ამისთვის ყველა საფუძველი გვაქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.