გვალვების გამო მილანში შადრევნები გათიშეს

მილანის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი შადრევნები წყლის დღიური მოხმარების ნორმირების ფარგლებში გამორთო, რადგან იტალია ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გვალვას ებრძვის.

The Guardian-ის ცნობით, აღნიშნული ზომა ლომბარდიის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ტარდება და ქალაქის 100 დეკორატიული შადრევნიდან, დაახლოებით, ნახევრის გათიშვას ისახავს მიზნად. შაბათ-კვირას რამდენიმე შადრევანი უკვე გამორთეს, დანარჩენი კი უახლოეს დღეებში გაითიშება.

შადრევნები თევზითა და მცენარეებით, ისევე, როგორც სასმელი წყლის შადრევნები ამ წესისგან თავისუფლდება. ბიზნეს და მოდის ცენტრის მცხოვრებლებს, ასევე, მოუწოდეს, სახლებში წყლის მოხმარება შეძლებისდაგვარად შეამცირონ. გარდა ამისა, მოსახლეობასა და ბიზნესის მფლობელებს ურჩიეს, კონდიციონერები 26°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ენერგიის დაზოგვის მიზნით არ დააყენონ. გასულ კვირას ქალაქის ზოგიერთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც, სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურის გამო კონდიციონერების ენერგიის ჭარბმა მოხმარებამ გამოიწვია.

„ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები და ვფიქრობთ, რომ სამართლიანი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში,“ - აცხადებს მილანის მერი, ბეპე სალა.

იტალიაში, ინტენსიური, ხანგრძლივი სიცხის ტალღა შეინიშნება, რომლის ტემპერატურაც კვირის ბოლოსთვის ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში 40 გრადუსს მიაღწევს.

გვალვამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა ჩრდილოეთ რეგიონებს მიაყენა, სადაც იტალიის ყველაზე გრძელი წყლოვანი არტერია, მდინარე პო დაშრა, რამაც სოფლის მეურნეობიდან და ჰიდროელექტროენერგიიდან დაწყებული, სასმელი წყლის მიწოდებით დამთავრებული, ყველაფერს ზიანი მიაყენა.

იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაბრიციო კურჩიომ გუშინ განაცხადა, რომ მდინარე პოში წყლის დონე, ჩვეულებრივთან შედარებით, 80%-ით დაეცა, რაც ბოლო წლებში ნალექის საშუალოზე 40-50%-ით კლებისა და თოვლის 70%-ით შემცირების ბრალია.

გვალვა ტოსკანოში - მდინარე არნოს, ხოლო ლაციოში ტიბრსა და ანიენს შეეხო. გვალვამ, ასევე, რამდენიმე, მათ შორის ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტბა დააშრო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ