ატამსა და ვაშლატამაზე წელს მოთხოვნა მაღალია

საქართველოში ატმისა და ვაშლატამას სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. EastFruit-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ადგილობრივი მყიდველები ფერმერებისგან დიდი რაოდენობით ატამს ყიდულობენ.

არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა ვაშლატამაზე. 1 კილოგრამის ფასი 2,50-3,50 ლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 0,20-0,50 ლარით მეტია. რაც შეეხება ატამს, მისი საშუალო ფასი 2 ლარია, თუმცა ღირებულება 1,5-დან 2,50-მდე მერყეობს. ატმის ძირითადი საექსპორტო ჯიშების მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დაიწყება, ფერმერებს სეზონზე ფასების მიმართ დადებითი მოლოდინი აქვთ.

თუმცა, ივნისის შუა რიცხვებში კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ატმისა და ვაშლატამას წარმოება თითქმის განახევრდა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ექსპორტის შემცირება და ადგილობრივი ფასების ზრდა, რადგან მიწოდება მცირდება და გარე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატმისა და ვაშლატამას მოსავლიდან 40-45 ათას ტონას მოელის, მაშინ, როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 27 ათას ტონას შეადგენდა.

2021 წლის ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 0,9 ათასი ტონა ატამი და 2,7 ათასი ტონა ვაშლატამა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეკა დარჩიაშვილი