ევროკავშირში გაზის მარაგებმა ივნისში 60%-ს მიაღწია

ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგებმა ივნისში 60% შეადგინა. თუმცა როგორც Gas Infrastructure Europe (GIE) მონაცემები მოწმობს საცავების გავსების ტემპებმა ივნისში იკლო.

ოფიციალური ცნობით, ევროპული საცავები ივნისში 12,75 მლრდ კუბ.მ. გაზით გაივსო, რაც მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლიდან და მთელი 3 მლრდ კუბ.მ-ით ჩამორჩება მაისის მაჩვენებელს. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის ევროპულ საცავებში 62,5 მლრდ კუბ.მ აირია კონცენტრირებული. როგორც ცნობილია ევროკავშირის გეგმაა, რომ ზამთრისთვის საცავების მინიმუმ 80%-ით გავსება მოხდეს.

რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტად გავსებულია პროტუგალიისა და პოლონეთის საცავები, სადაც 100%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. გერმანიაში - 61%, საფრანგეთში - 62%, იტალიაში - 59%, ნიდერლანებში - 53%, ბულგარეთში - 35%, დანიაში - 79%, უნგრეთში - 40%, ავსტრიაში - 45%, ჩეხეთში - 69%, ბელგიაში - 59%, ლატვიაში კი - 45%.

ივნისი რეკორდული იყო ევროპისთვის გათხევადებული გაზის მიღების მხრივ. რეგიონმა მხოლოდ ივნისში 10 მლრდ კუბ.მ-ზე მეტი გათხევადებული გაზი მიიღო, ეს მეტია წინა რეკორდზე როცა 2019 წლის ივნისში 8,9 მლრდ კუბ.მ თხევადი აირი მიიღეს.

ამასთან, 2022 წელს გათხევადებული გაზი პირველ ადგილზეა ევროპაში იმპორტირებულ ბუნებრივ აირს შორის 31%-იანი წილით, შემდეგ მოდის 26%-ით აღმოსავლეთიდან (რუსეთი) მიღებული ბუნებრივი აირი, მესამეზე 24%-ით ჩრდილოეთის ზღვიდან მოწოდებული იმპორტია. რაც შეეხება ივნისს, აქ გათხევადებული გაზის წილი კიდევ უფრო დიდია და 33%-ს აღემატება, ხოლო ნორვეგიიდან იმპორტირებული (26%) უფრო მეტია რუსეთიდან (18%) იმპორტირებულზე.

კოკა კვირკველია