სომხეთი და თურქეთი სახმელეთო საზღვარს ხსნიან

სომხეთი და თურქეთი უცხოელებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.

საზღვრის გახსნის დრო დაზუსტებული არ არის. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ საქონლის პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირება „რაც შეიძლება, მალე დაიწყონ.“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ერევანმა და ანკარამ სხვა შესაძლო ნაბიჯებიც განიხილეს, რომლებიც „საბოლოო მიზნის მიღწევას, ანუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სრულ ნორმალიზაციას“ ხელს შეუწყობს.

რუსული Forbes-ის შეფასებით, საერთო საზღვრის მიუხედავად, თურქეთსა და სომხეთს შორის 29 წელია, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს ანკარის ინიციატივით დაიხურა. ქვეყნების უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს.

2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღედგინა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

მხარეებმა გასული წლის ბოლოს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს, ხოლო თებერვლიდან ერევანსა და სტამბულს შორის ფრენები აღდგა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ